პარტია „ლელო- საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ 28 სექტემბერს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენული ინტერესების უხეში ხელყოფა, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულვებელყოფაა.
მათი შეფასებით, აღნიშნული ვიზიტი მიანიშნებს, საფრთხე, რომ ბელარუსი უახლოეს მომავალში განიხილავს არაღიარების პოლიტიკის გადახედვას, რეალურია.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფაქტი მოითხოვს დაუყონებლივ და სწრაფ რეაგირებას:
„1. საქართველომ კონსულტაციებისთვის უნდა გამოიწვიოს ბელორუსში საქართველოს მიერ აკრედიტირებული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
2. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელორუსს უნდა წარუდგინოს ოფიციალური ნოტა, რომლითაც ბელორუსის მხარეს მოსთხოვს ოფიციალური განცხადების გაკეთებას-საქართველოს სუვერენიტეტს აღიარებას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
3. აღნიშნული მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დღის წესრიგში უნდა დადგეს ბელორუსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსულტაციებზე გაწვევის საკითხი.
4. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყონებლივ დაიწყოს კონსულტაციები ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბელარუსისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის გამკაცრების თაობაზე, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემთხვევაში.
5. გაეროს და ეუთო-ს შესაბამის ფორმატებს და ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტს ეთხოვოს, აღნიშნულ ფაქტზე მსჯელობის გამართვა და აღნიშნულ ორგანიზაცებში ბელორუსის ელჩების გამოძახება, განმარტებების მისაცემად“,- ნათქვამია განცხადებაში.
ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.
საქართველოში ბელორუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელორუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. ელჩთან შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგებლებთან შეხვედრას შეეხებოდა. ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოთხოვა”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.