„საქართველომ დიდი გამარჯვება მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე“ - კილაძე გაეროს კომიტეტში არჩევაზე

პუბლიკა

სოფო კილაძე, მე-9 მოწვევის პარლამენტში ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე, გაეროს ბავშვთა კომიტეტის წევრად არჩევას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და საქართველოს დიდ გამარჯვებად შეაფასა ეს ფაქტი.

„გუშინ ჩვენმა სამშობლომ, საქართველომ დიდი გამარჯვება მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე. წილად მერგო პატივი, ჩემი კანდიდატურისთვის მსოფლიოს 125 ქვეყანას გამოეცხადებინა ნდობა გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის წევრობაზე.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ქვეყანას, საელჩოსა და მისიას, რომელმაც მხარი დაგვიჭირა და მისცა საქართველოს საშუალება, პირველად იყოს წარმოდგენილი ამ უმნიშვნელოვანეს კომიტეტში.

ვიმუშავებ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ქვეყნებთან, სამოქალაქო სექტორთან იმისათვის, რომ რომ ბავშვებს უკეთესი მომავალი ჰქონდეთ და ეს დიდი ნდობა გავამართლო“, – წერს კილაძე Facebook-ზე.

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატად სოფიო კილაძის წარდგენას კრიტიკულად გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორი. 23 ივნისს 53-მა ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა კომიტეტს, არ დაეშვათ სოფიო კილაძის შერჩევა ამ პოზიციაზე. 2020 წლის მეორე ნახევარში გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი რიგით მეთვრამეტე სესიაზე კომიტეტის 9 ახალ წევრს ირჩევს.

„მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი, ქალბატონო სოფიო კილაძე არ უნდა იყოს არჩეული გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად, რადგან არც მისი კვალიფიკაცია, არც რეპუტაცია და ადამიანის უფლებების რწმენა, ასევე კანდიდატის შერჩევის პროცესში გაეროს რეკომენდაციების აშკარა დარღვევა, არ იძლევა მისი შერჩევის საფუძველსა და ლეგიტიმაციას”, – წერია მათ განცხადებაში.