საქართველომ კორეიდან 20 000 PCR ტესტი ჩამოიტანა - საგარეო საქმეთა სამინისტრო

პუბლიკა

საქართველომ სამხრეთ კორეიდან 20 000 PCR ტესტი ჩამოიტანა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტესტები მაღალი ხარისხისაა და კორეულ მხარესთან თანამშრომლობით და „საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით შეიძინეს.

შეძენის პროცესში ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად დიპლომატიური კორპუსიც იყო ჩართული, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიისათვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობისა და პრეპარატების მომარაგების პროცესში მონაწილეობს.

„როგორც ცნობილია შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უმეტესობა ქვეყნების მიერ შემოღებული საგანგებო რეჟიმის ღონისძიებების ფარგლებში აკრძალვა დაწესდა მთელი რიგი სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტზე. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები კი ხელს უწყობენ არა მხოლოდ საჭირო პროდუქციის მობილიზებას, არამედ მათ შემდგომ სათანადო ტრასპორტირებას“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.