საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩიეს

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ნიკოლოზ სიმონიშვილი უხელმძღვანელებს. ახალი თავმჯდომარე  ორგანიზაციის გამგეობამ აირჩია, რომლის სხდომაც დღეს გაიმართა. ხოლო საიას თავმჯდომარის მოადგილედ გვანცა საკანელაშვილი აირჩიეს.

ნიკოლოზ სიმონიშვილი, როგორც საია წერს, 2020 წლის მარტიდან მედიის სამართლებრივი დაცვის პროექტის ხელმძღვანელი იყო. 2019 წლის ნოემბერში საერთო კრებამ აირჩია საიას გამგეობის წევრად.

სიმონიშვილი 2018 წლის აგვისტოდან 2020 წლის მარტამდე იყო საიას წარმომადგენელი პარლამენტში და ანალიტიკოსი ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამაში. 2017 წლის მაისიდან 2018 წლის აგვისტომდე მუშაობდა საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში წამყვან სპეციალისტად.

„ნიკოლოზი იყო და დღემდე აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოწვეული ექსპერტის რანგში, კანონმდებლობის რეფორმისა და ინსტიტუციური საჭიროებების კვლევის საკითხებში. ნიკოლოზს საიაში აქვს საადვოკატო საქმიანობის გამოცდილებაც.

2013 წლის იანვრიდან ის იყო იურიდიული დახმარების ცენტრის სტაჟიორი, ამავე წლის ოქტომბერში გახდა იურისტ-კონსულტანტი, ხოლო 2015 წლის მარტიდან ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. მას წარმატებით ნაწარმოები აქვს საიას არაერთი სტრატეგიული საქმე. 2015 წლის მარტიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი“, – წერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

ნიკოლოზ სიმონიშვილამდე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სულხან სალაძე იყო.