„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია - სირაძე

პუბლიკა

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, მეტრო „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.

„თავდამსხმელი დაკავებულია. როგორც მოგეხსენებათ დღეს „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა. თავდამსხმელი იყო ერთი, აყვანილი ჰყავდა მძევლები. სამართალდამცავი ორგანოების მიერ აქტიურად განხორციელებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თავდამსხმელი უკვე დაკავებულია, მძევლები გათავისუფლებულია. დაზიანება არავის არ მიუღია, ყველა მძევალი უსაფრთხოდ გადაყვანილია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება“, – აცხადებს სირაძე.

მისივე თქმით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. თავდამსხმელის მოთხოვნების თაობაზე და მძევლების რაოდენობის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

მეტრო „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში თავდამსხმელის შეჭრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა. მათი ცნობით, კურიერს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ბანკში თავდამსხმელი შეიჭრა და რამდენიმე მძევალი აიყვანა.

როგორც „პუბლიკას“ სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მეტრო „ავლაბარი“ მგზავრებისთვის დაკეტილია, მგზავრთა გადაადგილებაზე შეზღუდვა არ ვრცელდება მეტროს სხვა სადგურებზე.