საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მოქალაქეთა მიმართვა აქციას

პუბლიკა

პოლიტიკური მოძრაობა „დროა” ავრცელებს ქართველი ემიგრანტების განცხადებას რომლითაც, ისინი აქციას მიმართავენ.

„ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას!

 მეგობრებო, ჩვენო დანო და ძმანო! დღეს საქართველოდან სხვადასხვა მიზეზით გადინებულ ქართველთა რაოდენობა უპრეცედენტოდ მაღალია. თითქმის ყოველ ოჯახს, ერთი წევრი მაინც ჰყავს საზღვარგარეთ, მეტწილად, დასავლეთის ქვეყნებში.

ქართული ემიგრაცია საქართველოს მოქალაქეთა იმ აქტიური, შრომისუნარიანი, ფიზიკური და ინტელექტუალური რესურსის დიდ ნაწილს შეადგენს, რომლისგანაც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ნელ-ნელა იცლება.

უკანასკნელი 10 წლის მანძილზე, ეკონომიკური, სოციალური უთანასწორობის და სიდუხჭირის თუ პოლიტიკური დევნის გამო, ჩვენი რიცხვი გაათმაგდა, თუმცა, ჩვენი საფიქრალი და მთავარი სადარდებელი მაინც ჩვენს სამშობლოში მიმდინარე მოვლენები და ჩვენი სამშობლოს ბედია.

გვერწმუნეთ, ჩვენს დიდ უმრავლესობას არაფერი ურჩევნია, სამშობლოში ყოფნას და ახლა, ამ წუთას თქვენს გვერდით დგომას. საქართველოს დღევანდელი, კრემლისგან მართული დამნაშავე ხელისუფლების მავნებლობამ, ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფამ და პირდაპირმა ღალატმა, ჩვენი სამშობლოს განვითარების ერთადერთი სწორი გზიდან მიზანმიმართულმა გადაგდებამ, ჩვენი მომავალი თაობებისთვის საქართველოში ცხოვრების, თანამედროვე სამყაროს წევრობის ყველა პერსპექტივის წართმევამ, ჩვენც გაგვაერთიანა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები და გადაგვაწყვეტინა, უფრო აქტიურად, მთელი ჩვენს ხელთ არსებული რესურსით ჩავებათ ამ ისტორიულ პროცესში, ამოგიდგეთ მხარში და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, ჩვენი სამშობლოს კუთვნილ წიაღში, – ევროპულ სივრცეში დაბრუნების საქმეში.

ამ მიზნით შევქმენით საქართველოს მოქალაქეთა ტრანს-ატლანტიკური საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ამერიკის ტერიტორიაზე, ისევე, როგორც საქართველოში, მხარს დაუჭერს და დაეხმარება თქვენს საერთო-ეროვნულ, საზოგადოებრივ მოძრაობას, ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი გამოწვევის დაძლევაში”. – ვკითხულობთ განცხადებაში.


23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, მაგრამ აღიარეს მისი ევროპული პერსპექტივა. საბჭოს გადაწყვეტილებით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ ევროკომისიის მიერ დასახული პრიორიტეტები უნდა შეასრულოს.

ევროკომისიამ საქართველოს შესახებ თავისი შეფასება 17 ივნისს გამოაქვეყნა და მხარი დაუჭირა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსს მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკომისიის მიერ დასახელებული 12 რეკომენდაციაზე მუშაობას დაიწყებს და შეასრულებს მისთვის დასახულ პრიორიტეტებს. ევროკომისია საქართველოს პროგრესს წლის ბოლოს შეაფასებს.