„საქართველოს კინოინსტიტუტი“ 2024 წლის ბერლინალეზე ქართული სტენდით წარსდგება

პუბლიკა

„საქართველოს კინოინსტიტუტმა“, რომლის წევრებიც ბოიკოტში მყოფი კინემატოგრაფისტები არიან,  დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა სტრატეგიაზე, თუ როგორ აპირებს არსებული გამოწვევების ფონზე ქართული კინოს პოზიციონირებას საერთაშორისო ასპარეზზე. ამასთან, რა კონკრეტულ აქტივობებს გეგმავს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე (ბერლინალეზე) სტენდით წარდგენისას. 

კინოინსტიტუტის წარმომადგენლების განცხადებით, ბერლინალეზე „საქართველოს კინოინსტიტუტის“ სტენდის წარდგენა საქმიან მიზანს ემსახურება, რომლის მეშვეობითაც ინსტიტუცია ხელს შეუწყობს ქართულ დამოუკიდებელ კინოს, გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ ევროპული კინობაზრობის გახსნის ღონისძიებას, რომელიც ყოველწლიურად ბერლინალესთან ერთად იმართება, წელს „საქართველოს კინოინსტიტუტი“ უმასპინძლებს, რაც ინსტიტუციის წარმომადგენლების განცხადებით, უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგანაც ევროპულ კინობაზრობას აქამდე არცერთ ორგანიზაციასთან არ უთანამშრომლია. 

„ძალიან მოკლე დროში კინოინსტიტუტმა შეძლო, რომ სტენდით წარსდგეს ბერლინის კინოფესტივალზე. ეს პირდაპირ ეხმიანება ჩვენს უმთავრეს მიზანს – ჩვენი ურთიერთობებით, აქამდე არსებული  კონტაქტებით მსოფლიო კინოს პროფესიულ სამყაროში, ხელი შევუწყოთ იმ კოლეგებს, რომელთაც სხვადასხვა ეტაპზე აქვთ თავიანთი პროექტები.

ჩვენი სიძლიერე ჩვენს მრავალფეროვნებაშია.  ჩვენ გავაერთიანეთ ჩვენი ძალები, და ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, ვის რა გამოცდილება გვაქვს კონკრეტულ სფეროში“, – განაცხადა კინოინსტიტუტის პრეზიდენტმა ნუცა ალექსი-მესხიშვილმა. 

კინოინსტიტუტის აღმასრულებელი საბჭოს წევრის, დავით ვაშაძის თქმით, კინოინსტიტუტი მაქსიმალურად დაეხმარება პროექტებს, რომ მოიპოვონ დაფინანსება საერთაშორისო ფონდებისგან, ამაში კი დაინტერესებულ პირებს კინოინსტიტუტის წევრების გამოცდილება დაეხმარებათ. 

„საქართველოში კინოს დაფინანსება არის ძალიან მცირე, საშუალო ევროპული კინოს დაფინანსების ტოლფასია მთლიანად კინოს დაფინანსება, ამიტომ უმრავლესობა ქართული ფილმებისა არის ევროპული კოპროდუქციები. ეს ნიშნავს იმას, რომ დამატებით დაფინანსებას მოიპოვებენ ევროპულ ფონდებში. შესაბამისად, სწორედ ეს კარი გავხსენით ჩვენ და მაქსიმალურად დავეხმარებით პროექტებს, რომ დამატებითი დაფინანსება მოიძიონ ევროპაში. 

სტენდის მუშაობის წარმატებისთვის და მაქსიმალური ხელშეწყობისთვის  სამი მთავარი პრინციპი არსებობს, ეს არის საერთაშორისო კინოინდუსტრიის ცოდნა, კონტაქტები და რეპუტაცია. ჩვენ გუნდს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება მუშაობის და ასევე აქვს რეპუტაცია საერთაშორისო კინოფესტივალებიდან და ფონდებიდან.

ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები მსოფლიოს წამყვან კინოფესტივალებთან და მათთან ძალიან კარგი კონტაქტი გვაქვს, გავლილი წლებიდან გამომდინარე და დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები“, – ამბობს ვაშაძე. 

კინოინსტიტუტის წარმომადგენლის ნინო კირთაძის თქმით, კინოინსტიტუტის ერთადერთი მიზანი ქართული კინოს ხელშეწყობაა და ეს არ არის პოლიტიკური ნიშნით შექმნილი ინსტიტუცია. 

„ეს არ არის პოლიტიკური ნიშნით, ომის პრინციპით შექმნილი ინსტიტუცია. ეს არის კიდევ ერთი ფანჯარა იმისთვის, რომ ქართული კინო განვითარდეს, სწორი გზით წავიდეს და სწორი პარტნიორები იპოვოს“, – განაცხადა კირთაძემ. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო დრომდე დამოუკიდებელ ქართულ კინოს ბერლინალეზე საქართველოს ეროვნული კინოცენტრი წარმოადგენდა, თუმცა რეჟისორ სალომე ჯაშის განცხადებით, 2024 წლიდან ამ საქმეს კინოინსტიტუტი ითავებს. 

„საქართველოს კინოცენტრი კინოს არა თუ აღარ წარმოადგენს, არამედ მეტიც, ის ახორციელებს დამოუკიდებელ ქართველ ავტორებზე ფინანსურ, ბიუროკრატიულ თუ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, დამოუკიდებელი კინემატოგრაფისტები, ავტორები, პროდიუსერები ვიღებთ ინიციატივას, რომ შევქმნათ ინსტიტუციები, გავაძლიეროთ ისინი, იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ის წარმატება, ის აღმავლობა, რომელიც ქართულ კინოს ჰქონდა და აქვს საერთაშორისო ბაზარზე“, – ამბობს სალომე ჯაში. 

რაც შეეხება უშუალოდ პროექტებს, კინოინსტიტუტი მხარს დაუჭერს ისეთ ფილმებს, რომლებიც თავის თავში გულისხმობენ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ან/და დოკუმენტურ ფილმებს, რომლებსაც ჰყავთ შემოქმედებითი ჯგუფი და მოპოვებული აქვთ გარკვეული დაფინანსება. ამასთან, მხარს დაუჭერენ უკვე დასრულებულ ფილმებს, რომლებიც პოსტ პროდუქციისთვის ეძებენ პარტნიორებს ევროპაში. გარდა ამისა, ხელშეწყობას აღმოუჩენენ უკვე დასრულებულ ფილმებს, რომლებიც ბოლო ეტაპზეა და ეძებენ კინოფესტივალებს.

„საკმაოდ რთული პროცესია – იდეის პოვნიდან ფილმის შექმნამდე ძალიან გრძელი გზაა და ზუსტად ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი ნაწილი არის ისიც, რომ ჩვენც ვეცდებით, ჩვენი პირადი კონტაქტები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ინსტიტუციაში ამ პროექტს, სხვადასხვა ეტაპზე მისი განვითარებისა, საშუალება ჰქონდეს, ამ ინსტიტუციებიდან დაფინანსებებიც მიიღოს. 

ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც შეიძლება დაინტერესდეს ამა თუ იმ პროექტით.  ჩვენ დავეხმარებით რეჟისორებს, რომ ეს გზა პროექტმა იპოვოს. ეს იქნება, დამატებით დაფინანსება, მისი სხვადასხვა პლატფორმაზე, საერთაშორისო პლატფორმებზე არსებობა თუ სხვა“, – განაცხადა ნინო კირთაძემ.

„საქართველოს კინოინსტიტუტმა“ ასევე დღეს გამოაცხადა პროექტების მიღება 2024 წლის ბერლინალესთვის. 

„კინოინსტიტუტის კარი ღიაა ყველასთვის, საიტზე უკვე ხელმისაწვდომია ფორმა, რომელიც შეუძლიათ შეავსონ პროექტის ავტორებმა და ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვან, რომ მიიღონ მონაწილეობა ბერლინალეზე“, – განაცხადა ინსტიტუტის წარმომადგენელმა უტა ბერიამ.

2024 წელს კინოინსტიტუტი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში შერჩეული ლანა ღოღობერიძის დოკუმენტური ფილმის „დედა- შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“ ოფიციალური მხარდამჭერია. 


აღსანიშნავია, რომ  „საქართველოს კინოინსტიტუტის“ ხელშეწყობით მსახიობი თაკი მუმლაძე  გაემგზავრება 2024 წლის ბერლინალეზე.

სწორედ ბერლინალეზე იმართება ყოველწლიურად „ევროპის ამომავალი ვარსკვლავების“ (european shooting stars) წარდგენა, რომელშიც თაკი მუმლაძესაც უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა აღნიშნულ პროექტზე მის ნაცვლად სხვა მსახიობი, სალომე დემურია წარადგინა. აღნიშნულის მიზეზად მსახიობი თავის „პოლიტიკურ პოზიციას თუ აქტივიზმს“ მიიჩნევს. 

ინსტიტუციის წარმომადგენლების თქმით, „საქართველოს კინოინსტიტუტი“ დამოუკიდებელი კინემატოგრაფისტების გაერთიანებაა, რომელთაც სურთ თავიანთი ძალებით, დამოკიდებულებით და წარმოდგენით იმაზე, თუ რას ნიშნავს  21-ე საუკუნეში  იყო თავისუფალი ხელოვანი, ხელი შეუწყონ ერთმანეთს, ანუ კინოში მომუშავე ადამიანებს.

ორგანიზაციის პრეზიდენტი რეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილია. აღმასრულებელი საბჭოს წევრები კი თეა წულუკიანის მიერ დაწყებული რეორგანიზაციის შედეგად კინოცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომლები – დავით ვაშაძე, ნინო კუხალაშვილი, ლევან აბდუშელიშვილი და დავით დავითიანი. ორგანიზაციას ასევე ჰყავს 15-წევრიანი კინემატოგრაფისტთა საბჭო, რომელთა შორის არიან: სალომე ჯაში, თეკლა მაჭავარიანი, ანნა ძიაპშიპა, ანა ხაზარაძე, ნინო ჯინჭარაძე, გიორგი შველიძე, ქეთი მაჭავარიანი, უტა ბერია, ნინო კირთაძე, ნოშრე ჩხაიძე, რატი ონელი, პაატა გოძიაშვილი და ნანა ექვთიმიშვილი.