„სოლიდარობა თაკი მუმლაძეს“ - მსახიობი ბერლინალეზე კინოინსტიტუტის ხელშეწყობით გაემგზავრება

პუბლიკა

„საქართველოს კინოინსტიტუტი“, რომლის წევრებიც ბოიკოტში მყოფი კინემატოგრაფისტები არიან, სოლიდარობას უცხადებს მსახიობსა და სცენარისტს, თაკი მუმლაძეს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თაკი მუმლაძე „საქართველოს კინოინსტიტუტის“ ხელშეწყობით მაინც გაემგზავრება 2024 წლის ბერლინალეზე. სწორედ ბერლინალეზე იმართება ყოველწლიურად „ევროპის ამომავალი ვარსკვლავების“ (European Shooting Stars) წარდგენა, რომელშიც თაკი მუმლაძესაც უნდა მიეღო მონაწილეობა.

„რამდენად მტკივნეული უნდა იყოს ის, რომ სახელმწიფო მას ამ სრულიად შიშველი ხელებით მოპოვებულ შესაძლებლობას, წარდგეს საერთაშორისო პუბლიკის წინაშე, ართმევს, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანი თავის აზრს გამოხატავს“, აცხადებს „საქართველოს კინოინსტიტუტი“.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, თაკი მუმლაძემ შეძლო გაერღვია ბარიერები და დაემტკიცებინა, რომ ახალგაზრდა მსახიობ ქალს აქვს ძალა, თავად შექმნას კინოსამყარო და იყოს ამ სამყაროს შეუცვლელი კინოსახე.

„თაკი მუმლაძემ შეძლო ის, რაც თითქმის შეუძლებელია, დაწერო ღრმა, პროფესიონალიზმით გაჯერებული კინოსცენარი, ითამაშო ამ სურათში მთავარი როლი და გაარღვიო საერთაშორისო სივრცე, დაწერო ისტორია ფილმით, რომელიც შენ და შენმა მეგობრებმა სახლის პირობებში და თითქმის უბიუჯეტოდ გადაიღეთ. ფილმმა „ჩემი ოთახი“ არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა და გახდა მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება საკუთარი ძალისხმევით და იდეალიზმით დაიბადოს დიდი და ამაღელვებელი კინოხელოვნების ნიმუში“, აცხადებს აცხადებს ორგანიზაცია.

„საქართველოს კინოინსტიტუტი“ ულოცავს მსახიობ სალომე დემურიას კინოცენტრის მიერ EFP European Film Promotion-ის ფარგლებში ევროპის ამომავალ ვარსკვლავად დასახელებას და უსურვებს მას და მის კოლეგებს, „რომ არასოდეს გამოსცადონ ჩაგვრა სისტემის მიერ და ყოველთვის ჰქონდეთ სცენა თავისუფალი აზრის უშიშრად გამოსახატად!“


მსახიობმა თაკი მუმლაძემ 19 დეკემბერს დაწერა, რომ 2024 წელს „ვეროპის ამომავალ ვარსკვლავზე“ საქართველოს წარმომადგენელი თავად უნდა ყოფილიყო, თუმცა ორი დღის წინ გაიგო, რომ თავისი ორწლიანი ბრძოლა და ოცნება დასრულდა და Shooting Stars-ზე კინოცენტრმა სხვა მსახიობი, სალომე დემურია წარადგინა.

„ჩემამდე დიდი ძალისხმევისა და გამონაკლისის დაშვებით მოსული ეს შესაძლებლობა დავკარგე – როგორც იურისტები კვლავ იტყოდნენ, „გონივრული ეჭვით“ ჩემი პოლიტიკური პოზიციისა თუ აქტივიზმის გამო.“ – წერს თაკი მუმლაძე.

EFP EUROPEAN SHOOTING STARS არის ერთ-ერთი წამყვანი პროგრამა, რომელიც მსახიობებს ეხმარება გზის გაკვალვაში საერთაშორისო ასპარეზზე.

ამ პროგრამაში საქართველოდან უკვე მონაწილეობდნენ ირაკლი კვირიკაძე და ლევან გელბახიანი.