საქართველოს კინოინსტიტუტმა გასული 4 თვე შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

პუბლიკა

18 მარტს საქართველოს კინოინსტიტუტმა კინოინდუსტრიისა და მედიის წარმომადგენლებისთვის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბოლო 4 თვეში განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. 

კინოინსტიტუტის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ურთიერთობაზე, ასევე თბილისის კინოფესტივალზე დაარსებული სპეციალური პრიზის მნიშვნელობაზე, რომელიც ინსტიტუტის რჩეულ მოკლემეტრაჟიან ფილმს გადაეცა. 

ორგანიზაციის კინემატოგრაფისტთა საბჭოს წევრმა, ნანა ექვთიმიშვილმა ისაუბრა ქართული ფილმების საჯარო ჩვენებებზე, რომელიც კინოინსტიტუტის, მოძრაობის „ქართული კინო საფრთხეშია“ და „ეზოტოპიის“ თანამშრომლობის ფარგლებში ყოველ ხუთშაბათს იმართება.

„გვინდა, რომ ქართული კინოს მაჯისცემა ვიგრძნოთ და ამიტომ რაც ხდება, მოვლენა, იუბილე თუ რაიმე ფაქტთან გამოხმაურება, ჩვენ ვცდილობთ რეაქცია და კავშირი გვქონდეს“, – განაცხადა ნანა ექვთიმიშვილმა. 

რეჟისორმა აღნიშნა, რომ კინოჩვენებების მნიშვნელოვანი ნაწილია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილების „ეზოს“ კედელზე  პროექტორით მინათება. 

„არის ხოლმე იმის მცდელობა, რომ კინო და, ზოგადად, ხელოვნება მოაქციონ ვიწრო ჩარჩოში – „როგორც რეჟისორს, ან მწერალს შენ გეკითხება აქედან აქამდე და სხვა აღარაფერი გეკითხება“. ისეთი დრო არის დღეს… რომ ვთქვათ, „ჩვენ აპოლიტიკური ვართ, მხოლოდ მაღალი მატერიები გვაინტერესებს“, მგონი, ყველანი ვხვდებით, რომ ამის დრო არ არის. ამიტომ არ გვეშინია ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვფიქრობთ, ვაზროვნებთ, ვგრძნობთ და გვიჩნდება პროტესტი“, – განაცხადა ნანა ექვთიმიშვილმა. 

კინოინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ვაშაძემ ისაუბრა, როგორ წარდგა ორგანიზაცია ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე. მისი თქმით, ინსტიტუტის მიერ გამოცემულმა კატალოგმა, რომელშიც განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი 54 პროექტი იყო წარმოდგენილი, ბერლინში დიდი ინტერესი გამოიწვია.

დათო ვაშაძის თქმით, ბერლინში ყოფნისას ინსტიტუტის წარმომადგენლები 95 საერთო და 70-მდე ინდივიდუალურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ. მისი თქმით, შეხვედრები გაიმართა კანის, ტორონტოს, სანდნესისა და სხვა A კლასის ფესტივალების წარმომადგენლებთან.

„გამოწვევებიც იყო… საკმაოდ უხერხული სიტუაცია გვქონდა ბერლინალესთან, როდესაც ეროვნული კინოცენტრი მოითხოვდა ფესტივალისგან, რომ ჩვენთვის სტენდი არ მოეცათ და ზოგიერთი ადამიანისთვის აკრედიტაციაც კი არ გაეცათ. გულდასაწყვეტი იყო, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელი ორგანიზაცია ამას აკეთებს, თორემ საქმის კუთხით, ბერლინალე და კინობაზრობა ბერვად უფრო გვერდში გვედგა, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში იქნებოდა“, – განაცხადა დავით ვაშაძემ. 

კინოინსტიტუტის პრეზიდენტმა და რეჟისორმა ნუცა ალექსი-მესხიშვილმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია ბერლინალეს სექციების, პანორამისა და ფორუმის მონაწილე ფილმების მხარდამჭერი იყო (ლევან აკინის „გზაჯვარედინი“ და ლანა ღოღობერიძის „დედა-შვილი ანუ ღამე არ არის არასდროს ბოლომდე ბნელი“). რეჟისორმა ასევე ისაუბრა კინოთეატრ „ვოლფში“ გამართულ რეტროსპექტივაზე „მოუთვინიერებელი ქართული კინო“, სადაც მაყურებელს საშუალება ჰქონდა კითხვები დაესვა ფილმის ავტორებისა და შემოქმედებითი ჯგუფისთვის. 

კინემატოგრაფისტებმა განაცხადეს, რომ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ფრანგულ ინსტიტუტში გამართულმა მიღებამ სახელწოდებით – „ყვავილები არ არიან ჩუმად“, რომელშიც ლიზა ბათიაშვილი და გიორგი გიგაშვილი მონაწილეობდნენ. 

კინოინსტიტუტის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს „ბერლინალეს“ ფინანსურ ნაწილზე. მათი თქმით, სტენდის ღირებულება, დიზაინი, კატალოგები, საბეჭდი მასალები, ფილმების წარდგენა, მიღებები და სხვა ხარჯები ჯამში დაახლოებით 93 ათასი ევრო დაჯდა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, თანხის ყველაზე დიდი წილი (53%) თვითდაფინანსებით დაიფარა, რაც მოიცავდა კინემატოგრაფისტების ბილეთებს, აკრედიტაციას, ცხოვრების ხარჯებს და ა.შ. 

შეხვედრაზე კინემატოგრაფისტებმა ასევე აღნიშნეს რატი ონელისა და მაკა გოგოლაძის დოკუმენტური ფილმების პროექტების წარმატება. მათ IDFA Bertha Fund Classic scheme-ის დაფინანსება მოიპოვეს. გამარჯვებულ პროექტებს შორისაა ასევე აზერბაიჯანელი ავტორის ნურლან ჰასანლის ფილმი, რომლის პროდიუსერიც საქართველოდან ირინა გელაშვილია. კინემატოგრაფისტების თქმით, პროექტების წარმატებაში DOCA-ისა (საქართველოს დოკუმენტური კინოს ასოციაცია) და კინოინსტიტუტის წვლილიც არის.

კინოინსტიტუტის წარმომადგენლებმა სამომავლო გეგმებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრეს. 

„კონკრეტული, დაგეგმილი თანამშრომლობები, რაც ბერლინალეს შედეგად მივიღეთ: დაახლოებით ორ კვირაში, ვილნიუსის კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება Meeting point Vilnius, სადაც ქართული პროექტი არის შერჩეული სწორედ კინოინსტიტუტის წარდგენით. იქ ასევე ორი ახალგაზრდა, დამწყები კინემატოგრაფისტი დაესწრება საგანმანათლებლო კურსებს. გარდა ამისა, ტალინის A კლასის ფესტივალი ნოემბერში გაიმართება და ჩვენ იქ მასშტაბურად ვიქნებით წარმოდგენილი. იქნება ფილმები სხვადასხვა სექციაში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კოპროდუქციის პლატფორმაა და სხვადასხვა ეტაპზე მყოფი პროექტები იქნება წარდგენილი“, – განაცხადა დავით ვაშაძემ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვადასხვა კინოპლატფორმასთან. მათ შორის, კანის კინოფესტივალის წარმომადგენლებს ინსტიტუტმა რამდენიმე ფილმი უკვე გააცნო. 

„ჩვენ, როგორც ინსტიტუცია, ხელს შევუწყობთ დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტებს და მოძრაობას „ქართული კინო საფრთხეშია“, რათა მათ მიაღწიონ მთავარ მიზანს და დაიბრუნონ კინოცენტრი. კინოცენტრი უნდა არსებობდეს, მაგრამ უნდა არსებობდეს კინოსთვის, რეჟისორებისთვის, კინოში მომუშავე ადამიანებისთვის“, – განაცხადა შეხვედრის დასასრულს ნანა ექვთიმიშვილმა.

ანგარიშის წარდგენას სხვა კინემატოგრაფისტებთან ერთად ესწრებოდა რეჟისორი ნანა ჯორჯაძე. მან კინოცენტრში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. რეჟისორმა „პუბლიკასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ კინოცენტრის დირექტორს დარგის პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული კომისია უნდა ირჩევდეს და მას მინისტრი არ უნდა ნიშნავდეს. 

„კინოცენტრის დირექტორი არჩევითი უნდა იყოს, ის კომისიამ უნდა აირჩიოს. ყველა კანდიდატმა თავისი პროგრამა უნდა წარადგინოს, ამ პროგრამას ყველა უნდა გაეცნოს, ყველა კინემატოგრაფისტი, მერე კომისიამ ეს უნდა შეაჯამოს და აირჩიოს ორი ყველაზე ღირსეული პროგრამით მოსული კანდიდატი, პროფესიონალი, კარგი მენეჯერი და კინოს კარგი მცოდნე. მერე, კი ბატონო, აირჩიოს კულტურის მინისტრმა შერჩეული ორი კანდიდატიდან და არა თვითონ დანიშნოს. დანიშვნა არ შეიძლება. კინოცენტრი არსებობს თავისუფალი კინემატოგრაფისტებისთვის და კინო, ხელოვნება თავისუფალი უნდა იყოს. თუ თავისუფალი არ არის, მაპატიეთ, მაშინ არაფერი არ არის…“, – განაცხადა ნანა ჯორჯაძემ.

რეჟისორი „პუბლიკასთან“ აღნიშნა, რომ აქამდე კინოცენტრი თავის არსებობას ამართლებდა და ნელ-ნელა უმჯობესდებოდა, ყოველწლიურად აცხადებდა კონკურსებს, ახლა კი მდგომარეობა შეცვლილია.

„მე აღარ მესმის დღეს კინოცენტრის არსებობას რა აზრი აქვს, არც კონკურსები ცხადდება, მის დირექტორს ვერც შეხვდები, ვერ დაელაპარაკები და თუ დაელაპარაკები, პასუხს ვერაფერზე ვერ გაგცემს. არაფერი არ ხდება და ნუთუ იქითკენ მიდის, რომ უნდა გაუქმდეს?! ასეთი ეჭვი მაქვს და ძალიან მეშინია არ გამართლდეს… ასეთი იდეაა, რომ ყველაფერი ერთ ხელში იყოს მოქცეული და ამ ერთმა ხელმა გააკონტროლოს ყველაფერი. ეს ხომ ბოროტებაა. მე ძალიან არ მინდა, რომ დავიჯერო ამ ბოროტების, რადგან მაინც განათლებული, ჭკვიანი ადამიანები მგონია სათავეში და მაინც ერთი რამე აკლიათ ძალიან – საქართველოს სიყვარული, ამ ქვეყნის ერთგულება და მომავლის იმედი“, – აღნიშნა რეჟისორმა.