„მოუთვინიერებელი ქართული კინო“ - ბერლინში ქართული კინოს რეტროსპექტივა გაიმართება

პუბლიკა

„ბერლინალეს“ პარალელურად, 17-18 თებერვალს დამოუკიდებელი კინოთეატრი „ვოლფი“ „საქართველოს კინოინსტიტუტთან“ თანამშრომლობით ქართული ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს – ინფორმაციას კინოთეატრი ავრცელებს.

პროგრამა მოიცავს 1930-დან 2023 წლამდე პერიოდში გადაღებულ შვიდ ფილმს.

„ქართული კინოს მდიდარი 115-წლიანი ისტორიის შვიდი ფილმით წარმოჩენა აშკარად შეუძლებელია. თუმცა შერჩეული ფილმების მიზანია, აჩვენონ სხვადასხვა დროის პოლიტიკური, იდეოლოგიური და სოციალური კონტექსტი და დაამტკიცონ, რომ, მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, ქართული კინო კვლავაც მოუთვინიერებელია“, – წერს მასპინძელი ორგანიზაცია.

„ვოლფის“ განცხადებით, ამ ფილმების აუდიტორიამდე მიტანის აუცილებლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, „რადგან საქართველოს მთავრობა და კულტურის სამინისტრო უზარმაზარ გამოწვევებს უქმნიან კინემატოგრაფისტებს, მიუხედავად იმისა, რამდენად ფართო შეიძლება იყოს მათი ადგილობრივი და საერთაშორისო აღიარება. ფილმებში კრიტიკული პერსპექტივები ან ავტორთა მხრიდან სამთავრობო პოლიტიკის კრიტიკა დიდ უკმაყოფილებას იწვევს. აქედან გამომდინარე, 450-მდე ქართველი კინორეჟისორი ამჟამად ბოიკოტს უცხადებს სახელმწიფო კულტურულ ინსტიტუციებს ცენზურის აშკარა ტენდენციების გამო“.

კინოთეატრის ცნობით, რეტროსპექტივაში „მოუთვინიერებელი ქართული კინო“ წარმოდგენილია საქართველოს პირველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის „ბუბა“ (1930) და „უჟმური“ (1934). 1937 წლის დიდი საბჭოთა ტერორის დროს ათი წლით დაპატიმრებული და გადასახლებული ღოღობერიძის ფილმები გაქრა, რამდენიმე წლის წინ კი რუსეთის არქივებში აღმოჩნდა. მისი ისტორიის ნახვას მაყურებელი „ბერლინალეს“ ფორუმის სექციაში შეძლებს, ნუცა ღოღობერიძის შვილის, ლანა ღოღობერიძის ფილმში „დედა და შვილი“.

რეტროსპექტივაში ასევე წარმოდგენილი იქნება ლეგენდარული ქართველი რეჟისორის, მსოფლიო კინოს კლასიკოსის, ოთარ იოსელიანის შედევრი „იყო შაშვი მგალობელი“ (1970).

„ასევე ნაჩვენები იქნება სამი შთამაგონებელი თანამედროვე დოკუმენტური ფილმი: სალომე ჯაშის „მოთვინიერება“ (2021), მარიამ ჭაჭიას და ნიკ ვოიგთის „ჯადოსნური მთა“ (2023) და ლუკა ბერაძის „ღიმილიანი საქართველო“ (2023). ეს რეჟისორები განსხვავებულ თემებითა და კინოენით რეფლექსირებენ აწმყოზე, ეხებიან ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებას და ხელს უწყობენ დისკუსიისთვის აუცილებელი სივრცის გაჩენას. საქართველოს თანამედროვე ისტორიაში მათი მნიშვნელობის გარდა, თითოეული ფილმი მოგვითხრობს უნივერსალურ ისტორიას –  ძალაუფლებაზე“, – წერს „ვოლფი“.

რეტროსპექტივაში წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა რეჟისორის, სოსო ბლიაძის მხატვრული ფილმი – „ჩემი ოთახი“ (2022).

„ფილმი მოგვითხრობს ტოქსიკურ, პატრიარქალურ გარემოში ორი სრულიად განსხვავებული ქალის სოლიდარობის ამბავს. „ჩემი ოთახი“ გადაღებულია თბილისის ერთ ძველ ბინაში, დაფინანსების გარეშე, თუმცა სამეგობროს ენთუზიაზმითა და ძალისხმევით ფილმი თანამედროვე ქართულ კინოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და საკვანძო ნამუშევრად იქცა“, – წერს ორგანიზაცია.

კინოთეატრის ცნობით, ფილმების ჩვენების წინ გაიმართება მოკლე წარდგენა, ასევე დასრულების შემდეგ მაყურებელს შეეძლება გადამღები ჯგუფის წევრებს შეკითხვები დაუსვან.