საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ

პუბლიკა

ისრაელის სახელმწიფოსა და  საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმებას შეძლებენ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ისრაელის ელჩს საქართველოში რან გიდორის შეხვდა. მხარეებმა ისრაელში ლეგალურად დასაქმების საკითხზე დეტალურად ისაუბრეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილიდან იწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სამუშაოს მაძიებელი  პირველად რეგისტრაციას ჯანდაცვის სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge/ გაივლის.

ისრაელის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1 წლით შეეძლებათ. დასაქმება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზეა შესაძლებელი.

„დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა იმისათვის რომ საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში ჰქონდეთ ლეგალურად მუშაობის შესაძლებლობა და საშუალება. ჩვენ ისრაელთან ხელმოწერილი ხელშეკრულების განხორციელებას ვიწყებთ ორშაბათიდან, რომლის ფარგლებშიც შინ მოვლის სპეციალისტებს ექნებათ საშუალება ისრაელში დასაქმდნენ 1 წლის განმავლობაში შესაბამისი ანაზღაურებით“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.

მისი  თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომ ჩვენ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ საზღვარგარეთ დასაქმების სურვილი, ჰქონდეთ შესაძლებლობა ლეგალურად დასაქმდნენ, არ დარჩნენ არალეგალურად და მათი შრომითი უფლებები იყოს დაცული იმ ქვეყანაში სადაც მუშაობენ.