გერმანიის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ გერმანიის ფედერალური პროკურატორის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ეხებოდა და რომელშიც საქართველოს ხელისუფლება „პრორუსულად” იყო მოხსენიებული, არ ემსახურებოდა საქართველოს მთავრობის რაიმე ფორმით დახასიათებას.
„გერმანიის ფედერალურმა გენერალურმა პროკურატურამ დღეს გამოაქვეყნა ინფორმაცია პრესისთვის, რომელიც ეხება საქართველოს მოქალაქის თორნიკე კ.-ს მკვლელობას. ამ ინფორმაციაში გამოყენებულია გაუგებარი ფორმულირება, რომელშიც საუბარია „პრორუსულ“ მთავრობაზე საქართველოში. საქართველოს მთავრობის რაიმე სახით დახასიათება არ წარმოადგენდა გერმანული სამართლებრივი უწყებების მიზანს.
საქართველო არის ევროკავშირისა და ნატო-ს სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორი”, – წერია საელჩოს განცხადებაში.
დღეს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ხანგოშვილის მკვლელობაში პირდაპირ რუსეთის ცენტრალური ხელისუფლება დაადანაშაულა.
მკვლელობის წინარეისტორიის მიმოხილვისას განცხადებაში აღნიშნულია:
„შეკვეთილი მკვლელობის წინარეისტორია იყო მსხვერპლის წინააღმდეგობა რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების, მისი ავტონომიური რესპუბლიკების ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ხელისუფლებებისა და საქართველოს პრორუსული ხელისუფლების მიმართ”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.