საქართველოს სახალხო დამცველი ანკარაში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

2024 წლის 16 იანვარს ანკარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის მოადგილემ ელენე ღუდუშაურმა შეხვედრები გამართეს თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 

თურქეთის იუსტიციის მინისტრთან ილმაზ ტუნიჩთან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის, მათ შორის, უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს; ხაზი გაუსვეს ექსტრადიციის პროცედურებს და ამ მიმართულებით ადამიანის უფლებათა დაცვის აუცილებლობას. მიმოიხილეს ასევე, სასჯელაღსრულების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მექანიზმები.

სახალხო დამცველმა საქართველოს ციხეებში განთავსებული პატიმრების მდგომარეობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ არაერთი თურქი პატიმარი მოინახულა, პირადად გაესაუბრა მათ და ყოველთვის მზად არის ძალისხმევა გასწიოს, რათა მათთვის უზრუნველყოფილი იყოს სასჯელის ღირსეულად მოხდის შესაძლებლობა. ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით, ითქვა, რომ სახალხო დამცველი აქტიურ ადვოკატირებას ეწევა, რათა მსჯავრდებულებისთვის სამაჯურები უფრო ხშირად იყოს გამოყენებული.

თურქეთის პარლამენტის ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარემ ჩიგდემ ერდოღან ათაბეკმა საქართველოს სახალხო დამცველთან კომიტეტის საქმიანობაზე და ომბუდსმენის ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა. ლევან იოსელიანმა შეხვედრაზე ქალთა გაძლიერების მიმართულებით სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა მიმოიხილა.

დღის ბოლოს სახალხო დამცველი თურქეთის საკასაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მეჰმეტ აკარჯას შეხვდა, სადაც თურქეთის სასამართლოს სტრუქტურას და ომბუდსმენის ინსტიტუტთან მათ თანამშრომლობას გაეცნო. თავის მხრივ სახალხო დამცველმა აპარატის სასამართლოებთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და სასამართლოს მეგობრის მოსაზრების, ასევე  საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენის პრაქტიკა განიხილა.