საქართველოსა და უკრაინის მხარდასაჭერად – აშშ-ის კონგრესმა „დიდი შვიდიანის“ სამიტზე რუსეთის მიპატიჟების წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო

პუბლიკა

აშშ-ის კონგრესმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერა და გამოვიდა ტრამპის წინააღმდეგ, რომელსაც „დიდი შვიდიანის“ სამიტზე რუსეთის მიპატიჟება სურს.

წარმომადგენელთა პალატის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთს ფორუმზე მხოლოდ მას შემდეგ მიიწვევენ, რაც ეს ქვეყანა კვლავ პატივისცემით მოეკიდება „მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას“.

რეზოლუციას წარმომადგენელთა პალატის 339-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 71 წავიდა. „2014 წელს, როდესაც რუსეთი უკრაინაში აგრესიული ქმედებების გამო „დიდი შვიდიანის“ ჯგუფიდან გარიცხეს, დანარჩენმა წევრებმა შეიმუშავეს მოთხოვნები, რომლებიც უნდა შესრულდეს, რათა რუსეთი დაბრუნდეს „დიდი შვიდიანის“ სამიტებზე.

„რუსეთმა არც ერთი მოთხოვნა არ შეასრულა. უფრო მეტი აგრესია გამოავლინა უკრაინაში, ასევე ძირს უთხრიდა დემოკრატიას მთელ მსოფლიოში, მათ შორის აშშ-ში“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

წარმომადგენელთა პალატაში მიღებული რეზოლუციის ავტორი კონგრესმენი ალბიო საირესია. რეზოლუციის მიღებამდე კონგრესში საქართველოსა და უკრაინის მხარდამჭერი განცხადებებითაც გამოვიდნენ.

„პუტინის სამხრეთ ოსეთში შეჭრიდან ერთი კვირის შემდეგ მე თბილისში ჩავედი. ის თბილისშიც აპირებდა შეჭრას. თავად ვნახე იძულებით გადაადგილებული პირები, დაღუპული და დაჭრილი ადამიანები და მინდა ვთქვა, რომ პუტინმა საბჭოთა კავშირის წარსული გააცოცხლა. პუტინმა დაარღვია საერთაშორისო კანონმდებლობის პრინციპები და ის დაუსჯელია“, – თქვა კონგრესმენმა კრისტოფერ სმითმა.