საქართველოში 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებელი 10,2-ია - ეზუგბაია

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში 100 მოსახლეზე ავადობის მაჩვენებელი ანუ ინციდენტობა შეიცვალა.

„25 პაციენტის წყარო არის აჭარა. ბოლო 2 კვირის მონაცემებით, 27 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით, 100 ათას მოსახლეზე საქართველოს მაჩვენებელი გახლავთ 10.2, ხოლო აჭარის რეგიონი არის 52.9 არის ინციდენტობის მაჩვენებელი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

შედარებისთვის, 8 სექტემბერს ეზუგბაია ამბობდა, რომ ინციდენტობა, 100 ათას მოსახლეზე ავადობის მაჩვენებელი იყო 8, აჭარაში კი 42.4. სწორედ ამ დღეს განაცხადა ეზუგბაიამ, რომ აჭარა უკვე „წითელი ზონაა“.


დღეს, 10 სექტემბერს საქართველოში კორნავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს რაოდენობა საქართველოში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1830-ია. გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობა 1334-ია. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 451 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.