საქართველოში არჩევნების გამო აფხაზეთის ე.წ. მთავრობა 23 ოქტომბრიდან ენგურის ხიდს კეტავს

პუბლიკა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, 23-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით ენგურის ხიდი ჩაიკეტება. სააგენტო „აფსინპრესი“ წერს, რომ „ეს დაკავშირებულია 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციებთან“.

ე.წ. უშიშროების საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინადადებას ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე. შეზღუდვა არ შეეხება „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს“ და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ რეგიონში ბრუნდებიან და ასევე გათვალისწინებულია ენერგეტიკული სისტემის უწყვეტი ფუნქციონირება („ჩერნომორენერგოს“ მეშვეობით).

აფხაზური სააგენტო წერს, რომ ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ „ძალოვანი სტრუქტურების“ ხელმძღვანელებს 26 ოქტომბრის არჩევნების პერიოდში მუშაობის გაძლიერება დაავალა.