საქართველოში „ევროპული ახალგაზრდული ბარათი“ ამოქმედდა

პუბლიკა

საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა „ევროპული ახალგაზრდული ბარათი“, რომლითაც ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაა ხელმისაწვდომი.

ბარათის პროექტი ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება და უკვე 40 წელია, ევროპის კონტინენტზე 9.3 მილიონი ახალგაზრდისთვის მოგზაურობის შესაძლებლობებს ქმნის.

პროექტი თბილისის მერმა კახა კალაძემ წარადგინა.

კალაძის განცხადებით, ბარათი 18-30 წლის ახალგაზრდებს კარს გაუხსნის ევროპის მასშტაბით 25 ათას ფასდაკლებაზე და მოგზაურობის, გართობის, კულტურის, სპორტისა და სხვა მიმართულებებით არაერთ შესაძლებლობას შექმნის.

მერიის ცნობით, ბარათის მფლობელები შეძლებენ, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით ევროპის 40 ქვეყანაში. აგრეთვე, ადგილობრივ დონეზე უკვე ხელმისაწვდომია 50-ზე მეტი შეთავაზება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტ ობიექტზე ვრცელდება. პროგრამის პარტნიორია საქართველოს კულტურის სამინისტროც, რომლის მხარდაჭერითაც, სპეციალური ტარიფები მოქმედებს 19 სახელმწიფო მუზეუმსა და ექვს თეატრში.

ბარათის მიღება „საქართველოს ბანკის“ მობაილბანკშია შესაძლებელი და ერთჯერადად 10 ლარის გადახდით მისი გამოყენება მთელი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

შეთავაზებებისა და ფასდაკლებების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე http://eyc.ge./