საქართველოში ხორბლის წარმოების გაზრდის მიზნით დაიწყება ღრმა კვლევა - მინისტრი

პუბლიკა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ამერიკაში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყანაში ხორბლის წარმოების გაზრდის მიზნით, აშშ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს და დაიწყოს კვლევა საჭიროებების გამოსავლენად.

„ჩვენი მიზანია, ქვეყანაში გავზარდოთ მარცვლეულის, ხორბლის წარმოება და ამაში ჩვენი პარტნიორების, აშშ-ის მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ საკითხებზე ვისაუბრეთ ამ შეხვედრების დროს. გვაქვს მოლოდინი,  რომ ამ მხრივ მხარდაჭერა გვექნება.

დაფიქსირდა, რომ ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი მზად არის, დაიწყოს ღრმა კვლევა-შესწავლა ხორბლის წარმოების მთელი ღირებულებათა ჯაჭვის, რაც, რა თქმა უნდა, მოგვცემს ინფორმაციას, რა საჭიროებები არსებობს ამ მიმართულებით. ამის შემდეგ დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები.

სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა შეხვედრა ამერიკის სიმინდისა და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელობასთან. მასთან ერთად ვისაუბრეთ ხორბლის წარმოების გამოწვევებზე და შევთანხმდით, რომ ჩვენ გვექნება ამ კუთხით შემდგომი თანამშრომლობა”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.