დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის EG.5-ის არც ერთი შემთხვევა არ დაუდასტურებია.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ვირუსის ახალ ვარიანტებზე ლაბორატორიულ ზედამხედველობას მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აწარმოებს.
„მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს აქვს ვირუსის ახალი ვარიანტების დადასტურების შესაძლებლობა და მათ კი ახალი შტამის დადასტურების შესახებ, ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
ცენტრი აქტიურად აგრძელებს დაკვირვებას ქვეყანაში კოვიდ-19-ის მოცირკულირე ვარიანტების, ისევე როგორც სხვა ვირუსების გავრცელებაზე.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის EG.5 შტამი არ იწვევს „ომიკრონის“ ამჟამად გავრცელებული შტამისგან განსხვავებული სიმპტომების, ან – მძიმე დაავადების განვითარებას. ამდენად, იგი არ საჭიროებს განსხვავებულ რეაგირებას და იმართება სტანდარტული პროტოკოლებით“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.