საქართველოში მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა მეტი ევროპის მოთხოვნით, ეს იქნება საფუძველი გასატარებელი რეფორმებისთვის - მაკრონი

პუბლიკა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის საბჭოს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა და საბჭოს მხრიდან ნათლად არის გაცხადებული, თუ რა პირობები არსებობს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

„ჩვენ ვნახეთ რამდენად ცხადი იყო პრეზიდენტის გზავნილი საქართველოსადმი. მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა მეტი ევროპის მოთხოვნით, ეს იქნება საფუძველი იმ რეფორმებისთვის, რომელიც უნდა გატარდეს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.


ევროკავშირის საბჭომ, რომელიც ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოა, გაიზიარა ევროკომისიის შეფასებები უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ. შესაბამისად, ევროკავშირის საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საბჭომ ასევე აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა – ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ავრცელებს.

„ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.  ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი– საქართველოს ურთიერთობებში:   საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, – აცხადებს მიშელი.

მისივე განცხადებით, „ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა.

ისტორიული მომენტია. დღევანელ დღეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა თქვენს გზაზე ევროკავშირისაკენ“, – წერს მიშელი და ამ გადაწყვეტილებას ულოცავს ვოლოდიმირ ზელენსკის, მაია სანდუს, უკრაინელ და მოლდოველ ხალხს.


უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კიევში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეეტანათ. უკრაინას, ასოცირებული ტრიოს დანარჩენი წევრებიც – მოლდოვა და საქართველოც მიყვნენ.

საქართველოს ხელისუფლებამ განცხადი ევროკავშირში 3 მარტს შეიტანა. ამის შემდეგ წევრობის მსურველ ქვეყნებს ევროკომისიისგან  გადაეცათ სპეციალური კითხვარი, რომელთა შევსებაც მაისში დასრულდა.

ევროკომისიამ კი უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ თავისი მოსაზრებები 17 ივნისს წარმოადგინა. ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინასა და მოლდოვას, რომ თანდართული პირობებით კანდიდატის სტატუსი მიიღონ.

საქართველოს შემთხვევაში კი ევროკომისიამ მხარი დაუჭირა ქვეყნისთვის ევროპული მომავლის დადასტურებას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მოგვიანებით, თუკი ის ევროკომისიის მიერ გაწერილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.