საქართველოში „ომიკრონის" ორი შემთხვევა დადასტურდა - გამყრელიძე

პუბლიკა

საქართველოში „ომიკრონის” ორი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ორივე შემთხვევაში გახლავთ საქართველოს მოქალაქე. მათგან ერთს აქვს მოგზაურობის ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მეორეს ახლო აღმოსავლეთში – დუბაიში. ორივე იზოლირებულია. მიმდინარეობს მათი 26 კონტაქტის კვლევა. ერთ შემთხვევაში გვაქვს 10, მეორე შემთხვევაში კი 16 კონტაქტი. აქედან 11 გახლავთ უცხოელი.

ორივე პირი იზოლირებულია. მიმდინარეობა არის მსუბუქი”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ამ შტამისთვის დამახასიათებელია უფრო სწრაფი გავრცელება, უფრო ადვილად აზიანებს ახალგაზრდა ასაკს – 40 წლამდე ხალხს და ასევე, ბავშვებს.

„ახასიათებს შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა, მაგრამ მომავალში ეს როგორ განვითარდება, რადგან მას ადვილი გადამდებლობის უნარი აქვს, ეს ჯერ კიდევ რთული საპროგნოზოა”, – ამბობს ის.

გამყრელიძის თქმით, დღევანდელი მონაცემებით, „ომიკრონის” შტამი 90-ზე მეტ ქვეყანაშია უკვე დაფიქსირებული.