საქართველოში პოლიტიკური და საარჩევნო რეკლამებისთვის Facebook ავტორიზაციას სავალდებულოს გახდის - ბენიძე

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) წარმომადგენლის მიხეილ ბენიძის ინფორმაციით, Facebook აგვისტოდან საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამებისთვის ავტორიზაციას სავალდებულოს გახდისხ. ამის მიზანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის ხელმისაწვდომობის თხოვნით Facebook-ს ქართულმა NGO-ებმა და მედიის წარმომადგენლებმა 29 ივნისს მიმართეს.

როგორც მიხეილ ბენიძე წერს, მათი თხოვნის პასუხად კომპანიისგან მიიღეს წერილი, რომელშიც Facebook უპრეცედენტო დონის გამჭვირვალობას ჰპირდება და ამისთვის პოლიტიკური და საარჩევნო რეკლამების ავტორიზაციას სავალდებულოს გახდის.

„აგვისტოს დასაწყისიდან ჩვენ მოვითხოვთ ავტორიზაციას საქართველოში პოლიტიკური და საარჩევნო რეკლამებისთვის. ეს მოიტანს გამჭვირვალობისა და ავთენტურობის უპრეცედენტო დონეს ამ რეკლამების შესახებ. ასე რომ, საზოგადოებას შეეძლება ნახოს, ვინ და რატომ ცდილობს მათ არჩევანზე ზემოქმედებას“, – ნათქვამია წერილის იმ ნაწილში, რომელსაც მიხეილ ბენიძე აქვეყნებს.

როგორც მიხეილ ბენიძე წერს, ამ წერილის მიხედვით, ვიგებთ, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში Facebook პოლიტიკური რეკლამის განმათავსებლებს მიაწვდის ინფორმაციას რეკლამების გამჭვირვალობის მოთხოვნების შესახებ, რათა მათ შეძლონ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება.

„ეს წერილი ადასტურებს, რომ Facebook სერიოზულად მოეკიდება 2020 წლის არჩევნებს საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ 2020 საკმაოდ დაძაბული საარჩევნო წელია ასევე აშშ-შიც. ამასთან, Facebook-თვის მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და უკუკავშირი. დაბოლოს, პოლიტიკური აქტორებისთვის შესაბამისი ინსტრუქციების მიცემა, ნიშნავს, რომ პოლიტიკური რეკლამის თამაშის წესები დადგენილი და ცნობილი იქნება. შესაბამისად, ამ მოთხოვნების შესრულება უკვე თითოეული ამ აქტორის პასუხისმგებლობა იქნება“, – წერს მიხეილ ბენიძე.

LB loan image desktop LB loan image mobile