საქართველოში ქალები უკეთესი მკითხველები არიან, ვიდრე კაცები | კვლევა

პუბლიკა

„მწერალთა სახლისა” და  „წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა“ და დაკვეთით „ეისითიმ” ქართლი წიგნის ბაზრის კვლევა ჩაატარა.

კვლევის რამდენიმე მიგნება მიუთითებს, რომ მთლიანობაში ქალები უკეთესი მკითხველები არიან, ვიდრე კაცები.

მაგალითად:

  • წიგნის კითხვის პრაქტიკის თვალსაზრისით, კაცებთან შედარებით ზოგადად ქალები საგრძნობ უპირატესობას ფლობენ (ქალები – 59,3%, მამაკაცები – 38,4%)
  • სქესთა შედარებისას დადგინდა, რომ ასევე აქტიურად, მინიმუმ კვირაში ერთხელ მკითხველი ქალები (59%) აჭარბებენ კაცებს (49%).
  • თუ ქალებისთვის წიგნის შერჩევისას თითქმის თანაბრად მნიშვნელოვანია შინაარსი/ანოტაცია (45%) და მეგობრების/ახლობლების რჩევა (43%), კაცების ნახევარი უპირველესად მეგობრის/ახლობლის რეკომენდაციაზე დაყრდნობით ირჩევს წიგნებს (50%), შინაარსი კი შედარებით მეორეხარისხოვანია (37%).
  • წიგნების შეძენისკენ უფრო მეტად ქალები არიან მიდრეკილნი (ქალი 72%, კაცი 57%).
  • ქალი მკითხველების ნახევარზე მეტი (67%) ბიბლიოთეკაში წიგნის გამოსატანად მიდის, რაც აღემატება კაცების მაჩვენებელს (51%). წიგნის წასაკითხად მისულ ვიზიტორებს შორის თანაბრად აღმოაჩენთ ორივე სქესის წარმომადგენლებს (46%-46%), თუმცა იქ მეცადინეობას გოგონებზე მეტად, მცირედით მეტი ვაჟი ამჯობინებს (20% 17%-ის წინააღმდეგ). საგულისხმოა, რომ 2019 წელს ბიბლიოთეკაში მყოფი მკითხველი მამაკაცების მცირე ნაწილის (6%) ვიზიტის მიზეზს უფასო ინტერნეტით სარგებლობა წარმოადგენდა.
  • სხვაობა ვლინდება სქესთა შორის წიგნის შეძენის მზაობის მხრივაც –  ქალები უფრო განიხილავენ წიგნის შეძენას (68% vs 57%).

კვლევა ეფუძნება რამდენიმე მეთოდის კომბინაციას – სტატისტიკის სამსახურიდან, ეროვნული ბიბლიოთეკიდან, მწერალთა სახლიდან და ა.შ. გამოთხოვილ ინფორმაციას, პირისპირ ინტერვიუებს მკითხველებთან, ჩაღმავებულ ინტერვიუებს გამომცემლებთან თუ წიგნის მაღაზიების წარმომადგენლებთან და სხვ.

კვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენს 2016-2019 წლების სრული სტატისტიკური ინფორმაციის მიღება წიგნის ბაზრის ყველა კომპონენტისა (გამომცემლობები, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრები, წიგნის მაღაზიები/ელ. მაღაზიები, წიგნის სადისტრიბუციო კომპანიები, ბიბლიოთეკები, მკითხველები) და მათი საქმიანობის შესახებ. ანგარიშში მოცემულია 2020 წლის მონაცემებიც, რომლითაც შესაძლებელია წიგნის სექტორზე პანდემიის გავლენის შედეგების ანალიზი.