საქართველოში შექმნილი პოლარიზებული კლიმატი გამორიცხავს თანამშრომლობასა და დიალოგს - PACE-ის მომხსენებლები

პუბლიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მომხსენებლებმა, ტიტუს კორლატეანმა (რუმინეთი, SOC) და კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) 2021 წლის 8-10 დეკემბერს საქართველოში ვიზიტის შემდეგ გამოხატეს თავიანთი სერიოზული შეშფოთება ქვეყანაში უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური კლიმატის გამო, რომელიც წყვეტს და გამორიცხავს ყოველგვარ პოლიტიკურ თანამშრომლობასა და დიალოგს.

მომხსენებლების შეფასებით, ამგვარი პოლარიზაცია საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ სტაბილურობას და დემოკრატიას, რაც საქართველოს პროგრესს ასევე საფრთხეს უქმნის.

ხაზს უსვამენ, რომ დემოკრატიული კონსოლიდაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალის საერთო პასუხისმგებლობა და ამიტომ მოუწოდებენ მათ, განსაკუთრებით ორ უდიდეს პარტიას, „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ქვეყნის საერთო ინტერესები ვიწრო პარტიულ-პოლიტიკურ სტრატეგიაზე მაღლა დააყენონ.

„თანამომხსენებლები მიესალმებიან, რომ საარჩევნო კოდექსის შეთანხმებული რეფორმის შედეგად, არჩევნების სამართლებრივი ჩარჩო მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რამაც დადებითი ზეგავლენა მოახდინა საარჩევნო პროცესის ორგანიზებაზე. ამავდროულად, ისინი გამოთქვამენ შეშფოთებას ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და ამომრჩევლებზე ზეწოლის, ასევე ძალადობის შემთხვევების გამო. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს და საჭიროების შემთხვევაში განიხილოს ყველა ბრალდება და ინფორმაცია საარჩევნო გადაცდომის შესახებ,“- აღნიშნულია განცხადებაში.

მოხსენება შეეხო სასამართლო სისტემის რეფორმასაც:

თანამომხსენებლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ჩაატარონ მესამე და მეოთხე ტალღის ყოვლისმომცველი და დამოუკიდებელი შეფასება, რომელიც შეთანხმებული იყო მიშელის შეთანხმებით. ასეთმა ყოვლისმომცველმა შეფასებამ, რომელიც დამოუკიდებლად უნდა განხორციელდეს საზოგადოების ნდობის უზრუნველსაყოფად, უნდა გამოავლინოს წარმატების სფეროები, ასევე დარჩენილი ხარვეზები და უნდა წარმართოს მომავალი რეფორმები. მომხსენებლები მიიჩნევენ, რომ ვენეციის კომისიამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ასეთ დამოუკიდებელ შეფასებაში.

ამ კუთხით მომხსენებლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ, რომ, საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა განაგრძო უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების დანიშვნა. მომხსენებლები მიიჩნევენ, რომ ეს ხაზს უსვამს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომი რეფორმის აუცილებლობას, რომლის ფუნქციონირება კვლავ დაბრკოლებად რჩება ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და სანდო სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებისთვის,“- ნათქვამია განცხადებაში.

მომხსენებლებმა გამოსვლაში დაგმეს LGBTI თემის მიმართ ჰომოფობია და შეუწყნარებლობის მზარდი საჯარო გამოხატვა და ხელისუფლებას დანაშაულების გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდეს.