საქართველოში ყალბი ინფორმაციისა და სიძულვილის გაღვივების წყაროები რუსეთი და „ქართული ოცნება" არიან - ენმ

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თავიანთ facebook-გვერდზე განცხადებას ავრცელებენ, სადაც Facebook-ის მიერ ქართული ყალბი გვერდების წაშლას ეხმაურებიან.

განცხადებაში წერია, რომ „ნაციონალური მოძრაობა” მიესალმება ფეისბუკის ადმინისტრაციის მიერ ყალბი და არაიდენტიციფირებადი გვერდების, ფეიკ-ინფორმაციების გავრცელების აღკვეთის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. მათი თქმით, სწორედ ნაციონალური მოძრაობა და პარტიის ლიდერები არიან მსგავსი გვერდების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე.

„ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა არც მართავდა, არც მართავს და არც მომავალში აპირებს არაიდენტიფიცირებადი გვერდებით ოპერირებას. ჩვენთვის მსგავსი მეთოდებით პოლიტიკის კეთება მიუღებელია. მხარს დავუჭერთ ყველა რადიკალურ ღონისძიებას, რომელიც შეზღუდავს ყალბი ინფორმაციის გავრცელებას სოციალურ ქსელში. ნებისმიერი ასეთი გვერდი, მიუხედავად იმისა, რა პოზიციას იკავებს ამ გვერდის ადმინისტრატორი, უნდა გაუქმდეს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

„ჩვენი უმთავრესი პრინციპია – საჯარო, გამჭვირვალე, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური აქტივობებით დავამარცხოთ ქართული ოცნება სამართლიან არჩევნებში და ხელისუფლების აგრესიულ ფეიკ კამპანიას დავუპირისპიროთ ჩვენი თანმიმდევრული და მკაფიო გეგმა, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა არსებული რთული მდგომარეობიდან.“ – აღნიშნულია ენმ-ს განცხადებაში.

ენმ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, თავი შეიკავონ მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმისგან.

„ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ საქართველოში ფეიკ ინფორმაციის და სიძულვილის გაღვივების წყაროები ლაშა ნაცვლიშვილის, კოკა ყანდიაშვილის და შალვა რამიშვილის ავტორობით, ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაცია და მეორე მხრივ, ქართული ოცნება არიან“, – წერია განცხადებაში.


Facebook-ის განცხადებით, გამოცემა „ეSპერსონასთან“ დაკავშირებული Facebook-გვერდები, მომხმარებლები და ჯგუფები თავიანთი პლატფორმიდან წაშალეს.
აპრილში გამოვლენილი და წაშლილი გვერდებისა და მომხმარებლების შესახებ ანგარიშის მიხედვით, სოციალური ქსელიდან 500-ზე მეტი გვერდი და 100-ზე მეტი ჯგუფი წაიშალა, გამოცემა „ეSპერსონა“ კი Facebook-დან დაიბლოკა.