საქართველოსთვის სანქციების დაწესების აქტს კიდევ ერთი კონგრესმენი შეუერთდა

პუბლიკა

აშშ-ში საქართველოსთვის სანქციების შესაძლო დაწესებას კიდევ ერთი ამერიკელი კონგრესმენი, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, ჩაკ ფლეიშმანი შეუერთდა.

ფლეიშმანის ჩათვლით, აქტს, რომლითაც შესაძლოა, საქართველოს ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესოს, უკვე 6 კონგრესმენი უჭერს მხარს.

საქართველოს სამართლიანი ბიზნესპრაქტიკის სანქციების აქტი კონგრესმენმა, მარკუენ მალინმა 2019 წლის თებერვალში შეიმუშავა. მას მაშინ მხოლოდ ერთი კონგრესმენი მიემხრო. ბოლო ერთ თვეში კი სანქციების აქტს კიდევ 4-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი.

საკანონმდებლო პროექტი ავალდებულებს აშშ-ის პრეზიდენტს, პერიოდულად შეატყობინოს საკანონმდებლო ორგანოს, არღვევს თუ არა საქართველო ვალდებულებებს ან შეთანხმებებს, რომლებიც აქ მომუშავე ამერიკელ ბიზნესმენებთან გააფორმა.

ასევე, უნდა მოხდეს იმ მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირების იდენტიფიცირება, რომლებიც ამაზე პასუხისმგებლები არიან. ანგარიში უნდა მოიცავდეს აშშ-ის როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო, კერძო ინვესტიციებს.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელი ბიზნესმენების უფლებების დარღვევა დადგინდა, პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობასა და ოფიციალურ პირებს სანქციები უნდა დაუწესოს, მათ შორის აშშ-ში შესვლასა და საკუთრებაზე.

მარკუეინ მალინი ავტორია ერთ-ერთი კრიტიკული წერილისა, რომელიც ბოლო ორ თვეში საქართველოს მთავრობას გამოუგზავნეს.

მალინი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას 13 იანვარს სწერდა და დემოკრატიისა ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო შეშფოთებას გამოხატავდა. მაილნს ბიზნესის შევიწროების ერთ-ერთ მაგალითად ნავთობისა და გაზის ამერიკული  კომპანია Frontera Resources მოჰყავდა. კომპანიასთან საქართველო საერთაშორისო არბიტრაჟში დავობს.