საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ პაატა მანჯგალაძის სისხლის სამართლის საქმეს აფასებს.
პაატა მანჯგალაძეს 7-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
საიას შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია პაატა მანჯგალაძის მიერ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ან ხელმძღვანელობის გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ბრალდების დასაბუთებაში მისი პოლიტიკური აქტივობა და საპროტესტო აქციასთან კავშირი არ არის გამიჯნული ძალადობის ორგანიზებაში ინდივიდუალური მონაწილეობისგან. კერძოდ, არ დასტურდება არც პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან მისი კონკრეტული კავშირი, არც ძალადობის დაგეგმვაში, მითითებების გაცემასა თუ კოორდინაციაში მონაწილეობა და არც შესაბამისი განზრახვა.
„ამ მტკიცებულებით დანაკლისს ვერ ავსებს წარსული პოლიტიკური განცხადებები, რომელთა დროითი კონტექსტის ბუნდოვანება დამატებით ქმნის მათი მნიშვნელობის გადაჭარბებით შეფასების რისკს.
აღნიშნული ხარვეზები არსებით ეჭვს წარმოშობს პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებულობის მიმართ და სააპელაციო განხილვისას მოითხოვს მანჯგალაძის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და დაცვის არსებითი არგუმენტების სრულყოფილ შეფასებას“, – წერს საია.
პაატა მანჯგალაძეს საქართველოს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება, თუმცა, საიას შეფასებით, კვლავ აგრძელებს ბრალის ინდივიდუალიზაციისთვის საგანგაშო ტენდენციას და ბრალის დადგენილებაში არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რომელი პირის მიერ ჩადენილ ქმედებას რომელი მტკიცებულება მიესადაგება.
ორგანიზაციის განცხადებით, მნიშვნელოვანია იმის შეფასება, რა სტანდარტით წყვეტს პროკურორი პირის ბრალდებას და რა სამართლებრივ ჩარჩოს უნდა აკმაყოფილებდეს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი.
დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი გამამტყუნებელი განაჩენისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტზე დაბალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროკურორს შეუძლია ბრალი მხოლოდ ვარაუდის, პოლიტიკური კავშირის აქციაზე დგომის, ორგანიზატორებად მიჩნეულ პირებთან ფოტო სურათის გადაღების ან თუნდაც სხვა მოვლენათა თანმიმდევრობის საფუძველზე წარადგინოს.
საია ამბობს, რომ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები ბრალდების მხარეს უნდა უქმნიდეს დასაბუთებულ საფუძველს, რომ პირმა ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული. ამასთან, რადგან კონკრეტული პირი წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ ფიგურას, ბრალდების მხარე მაქსიმალურად უნდა იყოს ორიენტირებული იმისკენ, რომ გამოირიცხოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის დევნის ყველა შესაძლო ეჭვი.
საიას შეფასებით, სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილისთვის დასაბუთებული ვარაუდის შესაფასებლად პროკურატურას უნდა ჰქონდეს მტკიცებულებებით გამყარებული ფაქტობრივი საფუძველი შემდეგ საკითხებზე:
- არსებობდა თუ არა შესაბამისი ჯგუფური ძალადობრივი მოქმედება?
- კონკრეტულად რა ორგანიზატორული ან ხელმძღვანელობითი მოქმედება განახორციელა პაატა მანჯგალაძემ?
- რა მტკიცებულება მიუთითებს პაატა მანჯგალაძის პირდაპირ განზრახვაზე?
- მნიშვნელოვანია პროკურატურამ უპასუხოს, როგორ უკავშირდება მისი მოქმედება იმ ჯგუფურ ძალადობას, რომელსაც ბრალდება აღწერს?
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ასევე აცხადებს, რომ პროკურატურისგან განსხვავებით სასამართლო ვალდებულია მტკიცებულებები, უფრო მაღალი სტანდარტით, მათ შორის, საქმესთან შემხებლობის და დროითი კონტექსტის გათვალისიწინებითაც შეაფასოს.
„სასამართლომ უნდა შეაფასოს ჩანაწერის სრული შინაარსი, თარიღი, კონტექსტი და ის, კონკრეტულად რას ადასტურებს. განცხადება, რომ პირი აქციის ორგანიზატორი იყო, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ იგი ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორიც იყო. სისხლის სამართლის საქმეში არსებული პაატა მანჯგალაძის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადებების მნიშვნელობა არ უნდა განისაზღვროს მხოლოდ იმით, რომ ისინი ბრალდებულის პოლიტიკურ შეხედულებებს ან წარსულ მოსაზრებებს ასახავს.
სასამართლომ უნდა დაადგინოს, არსებობს თუ არა კონკრეტული კავშირი ამ განცხადებებსა და ბრალდებით გათვალისწინებულ ქმედებას შორის. მხოლოდ ქრონოლოგიურად ადრინდელი პოლიტიკური განცხადებები ვერ ჩაანაცვლებს მტკიცებულებას, რომელიც კონკრეტული ძალადობრივი მოქმედების ორგანიზებას ადასტურებს.
სასამართლომ უნდა დაადგინოს კონკრეტული ჯგუფური ძალადობრივი მოქმედება განხორციელდა და რა გარემოებებში. მხოლოდ აქციის მიმდინარეობისას ძალადობრივი მოვლენების განვითარება არ პასუხობს კითხვას, ვინ მოაწყო ან ხელმძღვანელობდა ამ ძალადობას. ამასთან საჭიროა გაიმიჯნოს: საპროტესტო აქციის ორგანიზება; ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა; ჯგუფურ ძალადობაში უშუალო მონაწილეობა. ეს ქმედებები ერთმანეთისგან განსხვავდება.
სასამართლოს უნდა შეეფასებინა, რა კონკრეტული მოქმედებით განახორციელა ბრალდებულმა ორგანიზატორის ან ხელმძღვანელის ფუნქცია.
სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, რას ადასტურებს ეს გარემოებები რეალურად: აქციასთან კავშირს, საჯარო მონაწილეობას თუ ძალადობრივი მოქმედების ორგანიზებაში კონკრეტულ წვლილს. მხოლოდ სცენაზე ყოფნა ან სხვა პირის მიერ დასახელება თავისთავად არ წყვეტს ბრალეულობის საკითხს“, – წერს საია.
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებების მთავარი პრობლემა მის პოლიტიკურ აქტივობასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას შორის კონკრეტული კავშირის დაუსაბუთებლობაა. განხილული მასალები არ ადასტურებს არც მის კავშირს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან და არც იმ კონკრეტულ ქმედებასა და განზრახვას, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას დაადასტურებდა.
საია შეფასებაში საუბრობს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითაც და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცება, რომ პაატა მანჯგალაძე თავისუფლების მოედნიდან პრეზიდენტის სასახლისკენ გაემართა, კონკრეტული მტკიცებულებით არ დასტურდება.
მათივე განცხადებით, საქმის მასალებში არ იკვეთება ვიდეოჩანაწერი, მოწმის ჩვენება ან ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც მის უშუალოდ სასახლესთან ყოფნას დაადასტურებდა. არც ორბელიანის მოედანზე განვითარებულ მოვლენებთან მისი სატელეფონო ან სხვაგვარი კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებაა წარმოდგენილი.
ამის საპირისპიროდ, მანჯგალაძემ ჩვენებაში განმარტა, რომ თავისუფლების მოედნიდან თაბუკაშვილის ქუჩაზე შვილთან შესახვედრად წავიდა. ამ განმარტების ფონზე, ბრალდების ვერსიას მისი გადაადგილების შესახებ დამოუკიდებელი მტკიცებულებითი დასაყრდენი აკლია.
საიას შეფასებით, აღნიშნული ხარვეზი მნიშვნელოვანია, რადგან ბრალდების მიერ აღწერილ მოვლენებთან მანჯგალაძის კავშირის ერთ-ერთი ფაქტობრივი წინაპირობა დაუდასტურებელი რჩება. ამასთან, პრეზიდენტის სასახლესთან გადაადგილებაც კი, თავისთავად, ვერ დაადასტურებდა ძალადობის ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას. ამისთვის აუცილებელი იქნებოდა მისი კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებისა და შესაბამისი განზრახვის გამოვლენა.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სასახლესთან ყოფნის დაუდასტურებლობა თავისთავად არ გამორიცხავს ძალადობის დისტანციურად ორგანიზების შესაძლებლობას. თუმცა, მოცემულ საქმეში არც ასეთი საქმიანობის დამადასტურებელი კავშირები იკვეთება.
„საქართველოს ახალაგზრდა იურისტთა ასოციაციისთვის“ ცალკე პრობლემას ქმნის მანჯგალაძის წარსული განცხადებების თარიღების მიუთითებლობა. საია განმარტავს, რომ თარიღის გარეშე წარმოდგენილმა განცხადებამ შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, რომ იგი უშუალოდ 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდება, მაშინ როდესაც რეალურად სხვა დროსა და განსხვავებულ ვითარებაშია გაკეთებული.
საიას შეფასებით, აღნიშნული ვერ შეფასდება როგორც მხოლოდ ტექნიკური უზუსტობის საკითხი, რადგან სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულების დროითი კონტექსტი არსებით გავლენას ახდენს მის აღქმასა და მტკიცებულებით მნიშვნელობაზე.
„თუ თარიღის გამოტოვება მიზნად ისახავს ან შედეგად იწვევს სასამართლოს შეცდომაში შეყვანას, რათა წარსულში გაკეთებული განცხადებები ბრალდებით გათვალისწინებულ ქმედებებთან უფრო მჭიდროდ დაკავშირებულად წარმოჩნდეს, ვიდრე ამას მათი რეალური შინაარსი და კონტექსტი იძლევა, ეს სახელმწიფო ბრალდების კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
პროკურატურის ფუნქცია ბრალდებულის ბრალეულობის შესახებ შთაბეჭდილების ხელოვნურად გაძლიერება კი არა, სასამართლოსთვის ისეთი მტკიცებულებების წარდგენაა, რომელთა შინაარსის, წარმომავლობისა და დროითი კავშირის ობიექტური შეფასებაც შესაძლებელია“, – ნათქვამია შეფასებაში.
ორგანიზაციის შეფასებით, წარმოდგენილი მასალები არასაკმარისია მანჯგალაძის შესაბამისი განზრახვის დასადგენადაც.
საიას შეფასებით, არ იკვეთება კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მანჯგალაძემ იცოდა ძალადობრივი მოქმედების გეგმის შესახებ და შეგნებულად მონაწილეობდა მის ორგანიზებაში ან ხელმძღვანელობაში. არც მისი პოლიტიკური განცხადებები და არც აქციასთან კავშირი ამ მტკიცებულებით დანაკლისს არ ავსებს.
საქმე ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება.
საიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შემოწმებისას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, დადგენილია თუ არა მტკიცებულებებით პაატა მანჯგალაძის მიერ სწორედ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა და არა მხოლოდ მისი როგორც პოლიტიკოსის ან მონაწილის კავშირი საპროტესტო აქცისთან.
ამასთან, მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის საქმის განხილვისას სასამართლო არ იყოს ორიენტირებული პირის ბრალდებაზე და, თუ აღნიშნულს სათანადო კომპეტენციითა და მტკიცებულებათა ერთობლიობით ვერ ართმევს თავს საქართველოს პროკურატურა, არ მოევლინოს მას დამხმარედ.
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებათა შეფასების სისწორე და მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა.
საია ამბობს, რომ თუ სააპელაციო სასამართლო გაიზიარებს სახალხო დამცველისა და საიას პოზიციებს, მნიშვნელოვანია, მან თავი შეიკავოს ბრალდების კვალიფიკაციის ცვლილების მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებისგან და, სათანადო სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მიიღოს პაატა მანჯგალაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენის სახით კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასება ვრცლად იხილეთ ბმულზე.