საქსტატი: 2023 წლის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $9 347.8 მილიონია

პუბლიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 529.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.5%-ით მეტია.

აქედან ექსპორტი 6 090.6 მილიონი აშშ დოლარია – (გაიზარდა 9.1%-ით), ხოლო იმპორტი – 15 438.4 მილიონი აშშ დოლარი (გაიზარდა 14.0 პროცენტით).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წელს, 9 347.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.4%-ია.

უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ნიშნავს, რომ ქვეყანაში იმპორტირებული საქონლის ღირებულება აღემატება წარმოებულს და ექსპორტზე გატანილს.

2023 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (862.1 მლნ. აშშ დოლარი), სომხეთი (787.1 მლნ. აშშ დოლარი) და ყაზახეთი (703.0 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2 570.1 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 949.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1 744.5 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.5 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 979.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (2 401.5 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (2 046.3 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 126.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 34.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 479.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 7.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 259.0 მლნ. აშშ დოლარით (4.3 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 3 162.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 166.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 542.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.5 პროცენტი).