საქსტატი: 2025 წლის III კვარტალში უმუშევრობა 0.5%-ით, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 14 300-ით შემცირდა

პუბლიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5%-ით შემცირდა და 13.3% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.1%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 3%-ით. 

ასევე, უწყების ცნობით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2025 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.1%-ით და 11.4%-ს შეადგენს, ხოლო კაცებში – 0.9%-ით და 14.7%-ია.

წყარო: საქსტატი
წყარო: საქსტატი

მონაცემების მიხედვით, ამავე პერიოდში 0.1%-ით შემცირდა სამუშაო ძალის მონაწილეობის დონეც (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში), რომელმაც 54.5% შეადგინა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 0.2%-ით და 47.3% შეადგინა.

საქსტატის ცნობით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რაოდენობა გაიზარდა 0.9 ათასი კაცით (0.1%) და 975.3 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 14.3 ათასით შემცირდა (3.3%) და 418.4 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 12.1 ათასით (5.4%) და 213.7 ათასი შეადგინა.