საქსტატი: ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი 1722 ლარია, 1 პირის შემოსავალი — 521 ლარი

პუბლიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2023 წელს საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები (ფულადი და არაფულადი სახსრები) ერთ ოჯახზე, წინა წელთან შედარებით, 18.4%-ით გაიზარდა და 1 722 ლარი შეადგინა.

ხოლო საშუალო თვიური შემოსავლები ერთ სულზე 20.5%-ით გაიზარდა და 521 ლარს გაუტოლდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ოჯახების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერები, რომლის წილიც 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 87.7% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 92%-ს, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 79.7 პროცენტს შეადგენდა.

თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8% შეადგინა.

პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.8% შეადგინა.  

2023 წელს საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ ოჯახზე, წინა წელთან შედარებით, 16.7%-ით გაიზარდა და 1 649 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულზე 18.7%-ით გაიზარდა და 499 ლარს გაუტოლდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ჯახების სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 1.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 70.2% შეადგინა.

ქალაქის ტიპის დასახლებებში საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე 23.5 პროცენტით გაიზარდა და 1 706 ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 5.7 პროცენტით გაიზარდა და 1 551 ლარს გაუტოლდა.

სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს, რომლის წილი წინა წელთან შედარებით 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 38.7 პროცენტი შეადგინა.