თბილისის საქალაქო სასამართლო ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში სასამართლო განმარტავს, რის საფუძველზე გამოიტანა მოსამართლემ მიხეილ კალანდიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი:
„საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მ. კ.-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
კერძოდ, 2017 წლის 1 დეკემბერს ფიზიკური დაპირისპირებისას მ. კ.-მ სხვა პირთან ერთად წინასწარი შეცნობით, თანნაქონი ბასრი საგნის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით სხეულის სხვადასხვა ადგილზე ჭრილობები მიაყენა არასრულწლოვან დ. ს.-ს, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა”, – წერია განცხადებაში.
დღეს, 25 თებერვალს დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე მოსამართლემ, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა, გადაწყვეტილება გამოაცხადა – კალანდია სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 15 წელი პატიმრობა მიუსაჯა. [არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა].