„ეს პოლიტიკური დავალებაა“ - კალანდიების ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებს

პუბლიკა

საქართველოში სამართალი არ არსებობს – განაცხადა ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენის გამოცხადების შემდეგ.

კალანდიას ძმა და მამა მიიჩნევენ, რომ მოსამართლემ პოლიტიკური დავალება შეასრულა.

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს მოსამართლე არის არაობიექტური, მიკერძოებული, პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი მოსამართლე. ეს დადასტურდა დღეს. ეს არის პოლიტიკური დავალება და მეტი არაფერი. ეჭიდაონ სტრასბურგს! საქართველოში სამართალი არ არსებობს“, – განაცხადა მიხეილ კალანდიას ძმამ.

როგორც ლუკა კალანდიამ აღნიშნა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში და შემდეგ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„იმედი დიდად არ გვაქვს, რომ რამე შეიცვლება, უბრალოდ სტრასბურგამდე როდესაც მივალთ, ევროპაში ძალიან მკაფიოდ გაიგებენ, რა მოხდა, როგორ მოხდა და რატომ ზის 20 წლის ბიჭი უდანაშაულოდ ციხეში და კიდევ რატომ უნდა იჯდეს მანამ, ვიდრე სტრასბურგიდან გადაწყვეტილებას ჩამოვიტანთ”, – განაცხადა ლუკა კალანდიამ.

თენგიზ კალანდიამ მედიას უთხრა, რომ გამოძიება სათანადოდ ვერ წაიყვანეს და ხელი შეახოცეს კალანდიების ოჯახს,- „აქ იყო სერგი კაპანაძის, „ევროპული საქართველოს“ და „ოცნების“ ინტერესი. აუცილებლად წავალთ სტრასბურგში. ყველაზე ადვილად ჩვენზე იყო ხელი შესახოცი“.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა, ბესიკ ქვარცხავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბრალდების მხარე კალანდიას ოჯახის წევრების მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს არ გამოეხმაურება, რადგან ეს „სამართლებრივ ჩარჩოებს ცდება“.

„ბრალდების მხარის მიერ დაახლოებით 9 თვის განმავლობაში წარმოდგენილი და უშუალოდ გამოკვლეული იქნა 150-მდე მოწმის ჩვენება, ასევე, წარმოდგენილი იქნა ათეულობით ნივთიერი მტკიცებულება და ასეულობით წერილობითი მტკიცებულება, შესაბამისად, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყოველივე ზემოთხსენებული მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ბრალდებულის მიმართ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი“,-  განაცხადა ქვარცხავამ.

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე მოსამართლემ, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა, გადაწყვეტილება გამოაცხადა – კალანდია სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 15 წელი პატიმრობა მიუსაჯა. [არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.]

მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დააკავეს . კალანდიას საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავდა.

ხორავას ქუჩის საქმე

2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს ამჟამად ორი მსჯავრდებული ჰყავს. ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრს გუგა ბარბაქაძე იხდის, დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით კი გიორგი ჯანაშია. თავდაპირველად, ამ საქმეზე დააკავეს ბარბაქაძეც, რომელსაც ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან ერთად დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობაც ბრალდებოდა.

2018 წლის 31 მაისს პირველი ინსტანციის სასამართლომ ბარბაქაძეს დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდება მოუხსნა, გიორგი ჯანაშიას კი მუხლი შეუცვალა და მას სასჯელი არა მკვლელობის, არამედ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაუწესა. გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება ნიშნავდა, რომ დავით სარალიძე სხვა პირის მიერ იყო მოკლული, რომელიც პოლიციას დაკავებული არ ჰყავდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის პროტესტი მოჰყვა, რომელიც მისი შვილის მკვლელობის საქმის სამართლიან და სრულფასოვან გამოძიებას ითხოვდა. სარალიძე თავიდან მთავარი პროკურატურის შენობასთან მივიდა. პროკურატურასთან სოლიდარობის ნიშნად მოქალაქეებმაც დაიწყეს შეკრება, რომლებმაც მოგვიანებით ზაზა სარალიძესთან ერთად პარლამენტის წინ გადაინაცვლეს. იმავე დღეს, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კი როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.

2019 წლის 3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა. კერძოდ, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. მას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა.

ხოლო გუგა ბარბაქაძეს გამამტყუნებელი განაჩენი ისევ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მასაც თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეუფარდა.

2019 წლის 4 ივნისს დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დააკავეს მიხეილ კალანდია, რომელსაც მკვლელობაში მონაწილეობას აბრალდებდა დავით სარალიძის მამა. მიხეილ კალანდიას საქმეს ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

სამართალდამცავებმა 2018 წლის ივნისში დააკავეს მიხეილ კალანდიას ბიძა მირზა სუბელიანიც, რომელიც მკვლელობის დროს მთავარ პროკურატურაში მუშაობდა. ზაზა სარალიძე მიიჩნევდა, რომ სწორედ სუბელიანი მფარველობდა კალანდიას ამ საქმეზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ცნო დამნაშავედ და მას 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.