სარეკლამო სააგენტო „ლიმონში" პოლიცია შევიდა

პუბლიკა

სარეკლამო კომპანია „ლიმონში“ პოლიცია შევიდა და ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს. როგორც „პუბლიკას“ კომპანიის თანამშრომელი ეუბნება, არ იციან, რა არის პოლიციის მისვლის და ჩხრეკის მიზეზი.

„ეს არის პროდაქშენი „ლიმონი“, ვიღებთ სარეკლამო ვიდეოებს, სერიალებს, ფილმებს. წარმოუდგენელია, არ ვიცი, რატომ მოვიდნენ. ახლაც გადაღება მიდის, პავილიონსაც ვაქირავებთ ხოლმე, დაქირავებული აქვს ერთ-ერთ სააგენტოს, რომელიც თავისი რეჟისორებით იღებს რაღაცებს. შევიდნენ გადაღების მოედანზე და გვითხრეს, რომ უნდა გაიჩხრიკოს მთლიანი ოფისი”, – განაცხადა მან.

ვრცელდება ინფორმაცია კომპანიის ხელმძღვანელის, გიორგი ოკმელაშვილის სავარაუდო დაკავების შესახებ, თუმცა აღნიშნულის შესახებ  ადგილზე თანამშრომლები ინფორმაციას არ ფლობენ.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც – უწყება განმარტებას, ჯერჯერობით, არ აკეთებს. გვითხრეს, რომ ინფორმაციას მიღებისთანავე მოგვაწვდიან.

შპს „ლიმონისთვის“ ვირტუალური წარმოების მოწყობილობების შეძენა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) დააფინანსა.