სარფში დაკავებულ პირს სამოქალაქო კლინიკის კარანტინში covid-19 დაუდასტურდა

პუბლიკა

სარფში დაკავებულ პირს ერთ-ერთი სამოქალაქო კლინიკის კარანტინში covid-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათი თქმით,  24 აპრილს შსს-ს თანამშრომლებმა სარფში სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს ბრალდებული რ.მ., რომელიც იმავე დღეს განთავსდა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.

როგორც ისინი ამბობენ, საპატიმროს ნაცვლად პირდაპირ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ბრალდებულის განთავსება შესაბამისობაშია იმ წესებთან, რომლებიც 2020 წლის 13 მარტიდან პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს.

„ბრალდებულები, რომლებიც კარანტინის რეჟიმში მყოფ მუნიციპალიტეტებში არიან დაკავებულნი ან შემოსულები არიან უცხოეთიდან, პირდაპირ სამოქალაქო კლინიკაში თავსდებიან 17-დან 21 დღემდე პერიოდით. სწორედ ამ წესის მიხედვით მოხდა 24 აპრილს ბრალდებულ რ.მ.-ს განთავსება პირდაპირ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც მას დღეს, 12 მაისს, PCR ტესტის შედეგების მიხედვით კოვიდ-19 დაუდასტურდა“, – წერია  გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, ბრალდებული იმყოფება სამოქალაქო სექტორის კლინიკის საკარანტინო ნაწილში, თუმცა იგეგმება მისი კლინიკაში გადაყვანა.

„ამავე საკარანტინო ზონის ბოქსირებულ პალატებში განთავსებულ სხვა ახალდაკავებულ ბრალდებულებთან რ.მ.-ს შეხება არ ჰქონია.

მიუხედავად ამისა, ყველა ბრალდებულს, მათ შორის მოცემულ კლინიკაში დისლოცირებულ ესკორტის ოფიცრებს და ბრალდებულ რ.მ.-სთან კონტაქტში მყოფ სხვა პირებს, დადგენილი წესით, ტესტები ჩაუტარდებათ.

მოცემული შემთხვევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიმდინარე წლის 5 მარტიდან ვირუსის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების ეფექტურობას. სწორედ ამ და კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული პრევენციული ღონისძიებების შედეგია, რომ პენიტენციურ სისტემაში ვირუსის შეტანა არ მოხდა“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.