სარჯველაძე ხვიჩიას: თქვენ ვინ ბრძანდებით თუ რა ბრძანდებით?

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ომბუდსმენობის კანდიდატს, დეპუტატ იაგო ხვიჩიას უსმენენ. მას კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ უთხრა, რომ ის კითხვა უნდა დაუსვას, რასაც თავად იაგო ხვიჩია უსვამდა ომბუდსმენობის კანდიდატებს.

მიხეილ სარჯველაძემ მას უთხრა, რომ მისი შეკითხვა სხეულის კუთვნილებასთან დაკავშირებით პროვოკაციული იყო და ახლა მასაც სურს იგივე ჰკითხოს, რადგან ამაზე ინტერესი, შესაძლებელია, გაჩნდა.

„მიხეილ სარჯველაძე: თქვენ ვინ ბრძანდებით თუ რა ბრძანდებით?

იაგო ხვიჩია: ქართულის ლოგიკური წესიდან გამომდინარე, ვინ ვბრძანდები.

მიხეილ სარჯველაძე: სუბიექტი ხართ, ანუ. თქვენი სხეული?

იაგო ხვიჩია: რასაკვირველია, მე მეკუთვნის.

მიხეილ სარჯველაძე: ეს სხვადასხვა რამეა ან სხვადასხვა ვინმეა? ანუ სხვადასხვა პრედიკატია – თქვენ და თქვენი სხეული?

იაგო ხვიჩია: ჩემი სხეული მე მეკუთვნის.

მიხეილ სარჯველაძე: არა, ეს ყოფითი გაგებით არა. ახლა ვთქვათ, ეს დააზუსტეთ – თქვენ და თქვენი სხეული სხვადასხვა რამ ან სხვადასხვა ვინ არის?

იაგო ხვიჩია: ფაქტობრივად, ფიზიკურად, მე და ჩემი სხეული განუყოფლები ვართ ერთმანეთისგან, მაგრამ კაცობრიობის ისტორიას აქვს მაგალითი, როდესაც ადამიანი და მისი სხეული სხვა ადამიანს ეკუთვნოდა. ამას ერქვა მონათმფლობელობა.

მიხეილ სარჯველაძე: ადამიანის სხეული კი არ ეკუთვნოდა, თვითონ ადამიანი ეკუთვნოდა, ეს სხვა რაღაცაა, როდესაც ადამიანი არ განიხილებოდა სამართლის სუბიექტად და ეს იყო განსხვავება. სხვა რამეზე საუბრობთ. თქვენ გეკითხებით, თქვენი სხეული და თქვენ განსხვავებული კატეგორიებია?

იაგო ხვიჩია: რავი, მე და ჩემი სხეული… გააჩნია, რისი თქმა გვინდა, მართლა რისი თქმა გვინდა – ანატომიური გაგებით, სხვანაირად შეიძლება იყოს, ფილოსოფიური გაგებით – სხვანაირად.

მიხეილ სარჯველაძე: იურიდიულ გაგებაზე მაქვს საუბარი. მგონი, ხვდებით, რაზეც ვსაუბრობთ.

იაგო ხვიჩია: არ ვიცი, რას მეკითხებით. – ასეთი საუბარი გაიმართა კომიტეტის სხდომაზე მიხეილ სარჯველაძესა და იაგო ხვიჩიას შორის.

ამის შემდეგ მიხეილ სარჯველაძემ მას ჰკითხა, საკუთრება რას ნიშნავს და შეიძლება თუ არა, ის ვინმეზე გავრცელდეს. იაგო ხვიჩიამ უპასუხა, რომ ადამიანს როცა ეხება საქმე, საკუთრება მხოლოდ საკუთარ თავზე შეიძლება გავრცელდეს, ანუ საკუთარი სხეულის განკარგვა  შეუძლია ადამიანს: „ზოგი ყიდის კიდეც, გაქირავებაც შეიძლება და ა.შ.”

პარტია „გირჩის“ წევრები ომბუდსმენობის ყველა კანდიდატს ერთსა და იმავე კითხვას უსვამდნენ, სხეულის საკუთრების შესახებ.


საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე სახალხო დამცველობის კანდიდატებთან მოსმენა დღეს სრულდება. პარლამენტმა უკვე მოუსმინა 16 კანდიდატს. ახლა უსმენენ დეპუტატ იაგო ხვიჩიას.  დღეს უნდა მოესმინა პარლამენტს ნაზი ჯანეზაშვილისთვისაც, თუმცა მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არ აპირებს გასაუბრებაზე მისვლას.