სარჯველაძისა და სერგეენკოს აზრით, პრემიერის განცხადებას ძალადობა არ წაუხალისებია

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატები, მიხეილ სარჯველაძე და დავით სერგეენკო მიიჩნევენ, რომ 5 ივლისის ძალადობრივ თავდასხმები პრემიერ-მინისტრის განცხადებას არ წაუხალისებია.

„გუშინ რაც ვიხილეთ, ისედაც ძალიან დრამატული და მძიმე სანახავი იყო ეს ყველაფერი და არ სჭირდება ამას დამატებით კიდევ რაღაცა არასწორი შეფასებების დამატება, მათ შორის ის, რომელიც კეთდებოდა მთელი დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის განცხადების თაობაზე, რომ თითქოსდა ამან გაუკეთა პროვოცირება იმ მოვლენებს, რომელიც ვიხილეთ ქუჩებში, ეს არ არის სწორი, ეს აშკარად მცდარი მოსაზრებაა და შესაბამისად, ამას უბრალოდ კატეგორიულად არ ვეთანხმები“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებაში წახალისების ნიშნებს ვერც დავით სერგეენკო ხედავს.

„რამდენად წინასწარ დაგეგმილი იყო და პოლიტიკური საფანელი ჰქონდა – არ მგონია, ეს იყო საქციელი, რომელზეც ყველა ადამიანმა პასუხი უნდა აგოს. უბრალოდ, ძალიან სწრაფად და სამართლიანად უნდა აგოს პასუხი. რაც მოხდა გუშინ ამ 50-ზე მეტი ადამიანის ცემა, არ ვიცი ამას რა სახელი ჰქვია. არის კავშირში წახალისებასთან თუ არა, არ მგონია, რომ პრემიერის ნათქვამს გავლენა ჰქონოდა ამაზე“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.