„სასაფლაომდე მისასვლელი გზა არაა“ – მოქალაქის თქმით, ოჯახის წევრის დაკრძალვას ვერ ახერხებენ

პუბლიკა

მოქალაქე ქრისტინე ლომთათიძე „TV პირველის“ ეთერში ამბობს, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში დიდთოვლობის გამო ოჯახის წევრის დაკრძალვას ვერ ახერხებენ.

ლომთათიძის თქმით, სოფელში არ არის შუქი და გაზი, გზა გასაწმენდია და მანქანა ვერ გადაადგილდება, რათა სასაფლაომდე მივიდნენ.

ის ასევე ამბობს, რომ დაუკავშირდა გამგეობის წარმომადგენლებს, რომლებმაც ჰკითხეს, თუ „რა იცის მან, ოჯახში მიცვალებული ჰყავთ თუ არა“. თავად ლომთათიძე ამჟამად ბათუმში იმყოფება.

„ბებია გარდაიცვალა 9 დღეა, დღეს მე-10 დღეა, რაც სოფელი უშუქოდ არის. გაზი არ არის, გზა არ არის. სულ ერთხელ გაიწმინდა გზა, ისიც დიდი წვალების შემდეგ. მეუბნებიან, რომ ჩვეულებრივად ჩემს სახლამდე მანქანით მისვლა შესაძლებელია. ამ დროს, წარმოიდგინეთ, რა ხდება, L200 მაღალი გამავლობის მანქანა სახლთან დგას და ვერ გადაადგილდება.

რამდენჯერმე დავრეკე მაღალჩინოსნებთანაც, ძალიან ბევრი ადამიანის შეწუხება მომიწია ფიზიკურად და ერთ-ერთი საუბრის დროს, როგორც აღვნიშნე, მეუბნებიან, თქვენ რა იცით, ოჯახში მიცვალებული ჰყავთ თუ არაო. ნუთუ ოჯახის წევრმა არ იცის, საკუთარ ოჯახში რა ხდება. ვეუბნები, რომ შვილი ვარ, ოჯახის წევრი ვარ და იმის მაგივრად, რამე გზა იპოვონ, მეკითხებიან გაოცებული, რომელი შვილი ხართ? ანუ ეს არის უბრალოდ სამარცხვინო.

დღეს სასაფლაომდე მისასვლელი გზა ფიზიკურად არ არის. დღეს უნდა გაეწმინდათ გზა ჩემი სახლიდან სასაფლაომდე ტრაქტორით, რომ აგვესვენებინა ხელით მიცვალებული. გაფუჭდა [ტრაქტორის] ნაწილი, რამდენიმე საათის უკან ვესაუბრე და მითხრეს, ხვალ დილას გავაგრძელებთ მუშაობასო. ვერ დავკრძალეთ. შუქი არ არის, წარმოიდგინეთ, რა პირობებში გვიწევს მიცვალებულის გაჩერება, ფიზიკურად გენერატორი ვერ მოგვაწოდა ვერავინ“, — ამბობს ლომთათიძე.

ქრისტინე ლომთათიძე ასევე ამბობს, რომ სოფელ ხიდისთავში კიდევ არის რამდენიმე ოჯახი, რომლებიც დიდთოვლობის გამო ვერ გადაადგილდებიან.

მისი თქმით, ოჯახებში არიან მცირეწლოვანი ბავშვები და კაცი, რომელსაც გულის პრობლემები აქვს. როგორც ლომთათიძე „TV პირველს“ ეუბნება, ასევე, არის კიდევ ერთი ქალი, რომელიც ავარიულ სახლშია და არ აქვს წამლები და საკვები.

„ჩვენ გარდა სოფელში არის რამდენიმე ოჯახი, რომელიც ჩაკეტილია. მცირეწლოვანი ბავშვებით, გულის პრობლემითაა ერთი კაცი, წამლები არ აქვს. ბავშვების მშობლებს რომ ვესაუბრე, გვითხრა, დღეს საჭმელი გვაქვს, ხვალ არ ვიცით, ხვალ თავს გავიტანთო, ზეგ არ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთო.

კიდევ ორი მოხუცებულია, რომელთაც რუსთავიდან ოჯახი ვერ უკავშირდება. ერთი ქალი არის სრულიად მარტო ავარიულ მდგომარეობაში მყოფ სახლში, საკვები არა წამლები არა. დღეს ფეხით წავიდა ორი ადამიანი, რომ ენახათ ქალი ცოცხალი იყო თუ არა“, — თქვა მან.

ლომთათიძე აღნიშნავს, რომ სოფელში ვიწრო გზის გამო მძიმე ტექნიკა გზაზე ვერ ადის და გზა ვერ იწმინდება.

„ერთი ტრაქტორი ჰყავდათ, რომელიც ახლა გაფუჭებულია, ისევ მეწიეთში ეს ტრაქტორი და იქ აყენია. დაგვპირდნენ, ხვალ დილით გავაკეთებთ და გავწმენდთ გზასო. ელემენტარული სხვა რომ ვერაფერი ვეღარ მოვიფიქრე, დღეს სხვადასხვა ადგილას გავავრცელე ინფორმაცია, რომ თუ ვერ ახერხებთ ამ ყველაფერს, ახალგაზრდა ბიჭები დაგვახმარეთ რომ სახლიდან სასაფლაომდე გზა ნიჩბებით გავთოვლოთ“, — თქვა ლომთათიძემ.