სასამართლო კონსტიტუციის არარსებულ მუხლს ციტირებდა - მშვენიერაძე

პუბლიკა

კონსტიტუციონალისტი გიორგი მშვენიერაძე წერს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ განცხადება კონსტიტუციის არარსებული მუხლის ციტირებით გაავრცელა. ხოლო მას შემდეგ, რაც შეცდომაზე მიუთითეს, მუხლის დასახელება განცხადებიდან ამოიღეს.

„ამათ ვინმემ აუხსენით, რომ დეკემბერში 1 წელი შესრულდება, რაც კონსტიტუციის ახალი რედაქცია მოქმედებს და 84-ე მუხლი საერთოდ აღარ აქვს“, – წერდა მშვენიერაძე Facebook-ზე.

„საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს“, – ასეთი ფორმულირება ჰქონდა მშვენიერაძის მიხედვით თავდაპირველ ტექსტს.

მოგვიანებით, სავარაუდოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე განცხადების ტექსტი ჩაასწორეს. „საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს“, – ასეთი ტექსტი გვხვდება ვებგვერდზე ამჟამად განთავსებულ განცხადებაში.