სასამართლო რეფორმაზე მუშაობა იწყება | პარლამენტში პირველი საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში მართლმსაჯულების რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა საორგანიზაციო ხასიათის იყო. მხარეების ცნობით, შეჯერდნენ იმაზე, რომ 1 ივლისამდე პარლამენტმა შეიმუშაოს რეფორმების პაკეტი, რომელიც შეფასებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან უნდა გაიგზავნოს.

„ლელოს“ წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, სამუშაო საკითხებს შორის რიგით პირველი უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნის თემაა, რომელიც, მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით შეჩერებული იყო და როდესაც განახლდება, უნდა განახლდეს სწორად.

„არის ძალიან სერიზული მიმართულებები იუსტიციის საბჭოსთან, მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით. არის დიდი პრობლემა იმის თაობაზე, რომ სასამართლოსადმი ნდობის გაუზრდელად ჩვენ სახელმწიფოებრიობის დიდი რისკები გვაქვს, მაგრამ ეს როგორ მოვახერხოთ იმ პირობებში, როდესაც უკიდურესად დაპირისპირებულ და არაკონსტიტუციურ გარემოში გვიხდება ცხოვრება, ეს მოითხოვს დიდ შრომას და გარჯას.

მე ვერ გეტყვით, რომ პოზიციები გვაქვს იდენტური. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ კი არის რაღაც პრობლემები, მაგრამ ძირითადად საქმე კარგადაა; ჩვენ მივიჩნევთ, რომ კი არის რაღაც პოზიტიური, მაგრამ ძირითადად საქმე ცუდადაა“, – განაცხადა „ლელოს“ წარმომადგენელმა, დავით უსუფაშვილმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფი შეაჯერებს პოზიციებს. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა განისაზღვრის დისკუსიის საფუძველზე.

როგორც კობახიძემ განაცხადა, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროცესი ფართო ჩართულობით წარიმართა და ამ პროცესის საფუძველზე შემუშავდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც, მისივე მტკიცებით, მაღალი შეფასება მისცეს საერთაშორისო პარტნიორებმა.

„მაშინ ჩვენ შევეხეთ ყველა პუნქტს, რომელიც იყო აქტუალური სასამართლოსთან მიმართებით – ეს იყო დისციპლინური წარმოების საკითხები, იუსტიციის სკოლის და საბჭოს საკითხები და ყველაფერთან დაკავშირებით იყო ფართო კონსენსუსი.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, კანონმდებლობის ნაწილში არსებითად არის ყველაფერი სათანადოდ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუნდაც კანონმდებლობაზე არ გაგრძელდება მსჯელობა.

ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩავხედოთ სასამართლო სისტემის ფუნქციონირებისა პრაქტიკას. ხშირად საუბრობენ აღქმებზე და აღქმები უნდა იყოს ფაქტებზე დაფუძნებული. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის ფაქტობრივი შესწავლა, რა ხდება სასამართლო სისტემაში, რამდენად არის გარკვეული აღქმები არსებულ მდგომარეობასთან, ამით უნდა დაკავდეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიქმნება. კლიპებით არ შეიძლება აღქმების ჩამოყალიბება, კლიპებით, ფილმების გადაღებით. ეს არის არასწორი პრაქტიკა. ჩვენ გვინდა, არასწორი პრაქტიკა შევცვალოთ სწორი პრაქტიკით“, – განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვაზე, ჩაერთვებიან თუ არა სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაციები, კობახიძე ამბობს, რომ პროცესი წარიმართება პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით, თუმცა არ გამორიცხავს დაინტერესებული მხარეების მოწვევასაც.

შეკითხვაზე, რას აპირებს მმართველი გუნდი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების არჩევის შეჩერებასთან დაკავშირებით, კობახიძე აცხადებს, რომ მოქმედებენ კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და მიშელის დოკუმენტის შესაბამისად.

„თუ ჩავხედავთ ამ 3 დოკუმენტს, გამომდინარეობს დასკვნა, რომ ივნისში უნდა დავიწყოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დამტკიცების პროცედურა. ჩვენს მიერ 2017 წელს გატარებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, ეს გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის 3/5-ით. ეს ნიშნავს 90 ხმას. 90 ხმა უმრავლესობას არ აქვს, რაც ნიშნავს ფართო ჩართულობას და შეთანხმებას. ამ პროცესის გადადების არავითარი საფუძველი არ არსებობს“, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.


მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის გატარებამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებას მოითხოვენ არასამათავრობოები, დიპლომატიური კორპუსი და ოპოზიცია. მათი თქმით, რეფორმის შემუშავებამდე პროცესების წარმართვა ე.წ. კლანის ინტერესებს ემსახურება და აძლიერებს სასამართლო სისტემაში გავლენიან ჯგუფებს.

პარლამენტში პარტია „ლელომ“ საკანონმდებლო ინიციატივაც დააყენა, რომ გამოცხადდეს მორატორიუმი მოსამართლეების არჩევაზე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტი არ ასრულებს შარლ მიშელის შეთანხმებას და არ აპაუზებს შერჩევის პროცესს.

რეფორმის აუცილებლობაზე დღეს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელეს არასამთავრობოებმა.


რა წერია სასამართლო სისტემის რეფორმაზე შარლ მიშელის დოკუმენტში

ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმის ნიშნად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა, შემდეგი პუნქტების ჩათვლით:

  • სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ, 2017 და 2019 წლებში მიღებული მართლმსაჯულების რეფორმების ორი პაკეტის შესაბამისად:
    ა) პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევა, განსაკუთრებით მოსამართლეების დასანიშნად კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციის კრიტერიუმებზე დაფუძნებული წერილობითი დასაბუთების გამოქვეყნების გზით;
    ბ) პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას;
    გ) უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს;
    დ) მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით.
  • ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა.

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა, რათა გაიზარდოს გამჭვირვალობა, კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება, მათ შორის განისაზღვროს დანიშვნის, შეფასების, დაწინაურების, გადაყვანის, დისციპლინური გადაწყვეტილებების და დავების საკითხები, რომელიც გაეგზავნა ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) განსახილველად და მათი რეკომენდაციები სრულად უნდა იყოს შესრულებული.

  • რაც შეეხება მომავალ გენერალურ პროკურორებს, საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად აუცილებელი პროცედურების შემდეგ, საჯარო დებატების ჩათვლით, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, რომ შემდეგი გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის საჭირო იქნება პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს; ეს დანიშვნები უნდა ჩატარდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, გაჭვირვალე, მიუკერძოებელი, დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, მომავალი გენერალური პროკურორების არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმის შემდეგნაირ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით:

1. პირველ ორ მცდელობას პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასაჭირდება. შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება.

2. ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან.

3. არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (უბრალო უმრავლესობით) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ერთი წლით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს.

  • პარტიები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ სასამართლო რეფორმა ინკლუზიური პროცესის საშუალებით, სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღის ეფექტიანობის შეფასების ჩათვლით. ამ რეფორმების განხორციელების პროცესში გამოყენებული იქნება საერთაშორისო ექსპერტების რჩევები და დახმარება, განსაკუთრებით დასანიშნი მოსამართლეების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.

ვადები:

1. ამ შეთანხმების განხორციელებისა და შემდგომი რეფორმების შესახებ დისკუსია იწყება სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლისთანავე.

2. პროექტი შედგენილია და 1 ივლისამდე იგზავნება ვენეციის კომისიაში დასკვნის მისაღებად.

3. პირველი კენჭისყრა პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე ჩატარდება.

4. პარლამენტი სწრაფად დაამტკიცებს რეფორმებს, არა უგვიანეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიისა.