სასამართლომ 1 300 000 ევროს უკანონოდ ლეგალიზებისთვის საქართველოს და ავსტრიის მოქალაქეები დამნაშავედ ცნო

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დანაშაული საქართველოს და ავსტრიის მოქალაქეებმა ჩაიდინეს. სასჯელის სახედ თითოეულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. კომპანიას დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ავსტრიის მოქალაქემ სამედიცინო ნიღბების შეძენის მსურველი ჩეხური კომპანიის წარმომადგენლები და გერმანიაში მცხოვრები პირები მოატყუა და საქონლის შესაძენად განკუთვნილი 1 300 000 ევრო, მის საკუთრებაში არსებული კომპანიის საზღვარგარეთ გახსნილ საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინა, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

ბრალდებულმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის გათეთრების მიზნით, კომპანიის ანგარიშზე აკუმულირებული უკანონო შემოსავალი, ფიქტიური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ​საქართველოში, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქის კუთვნილი საწარმოს საბანკო ანგარიშზე გადმორიცხა. შემდგომში, საწარმოს ანგარიშიდან განაღდებული თანხა, საქართველოს მოქალაქის სარგებლის გამოკლებით, ბრალდებულს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებულ პირებს გადაერიცხათ.

აღნიშნული გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა  496 430 ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.