სასამართლომ 3 სოცმუშაკის სააგენტოდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო - EMC

პუბლიკა

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ 2021 წლის 23 თებერვალს, EMC-ს სარჩელის საფუძველზე, 3 სოციალური მუშაკის სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო“-დან გათავისუფლება უკანონოდ ცნო და ახალ სააგენტოს მათი სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად გადახდა დააკისრა. ასევე, სამივე სოციალურ მუშაკთან მიმართებით სასამართლომ განაცდური სამი თვის ხელფასის ოდენობით (3600 ლარი) დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქცია – ინფორმაციას EMC ავრცელებს.

„2019 წლის 11 დეკემბერს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, იმის ნაცვლად, რომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა სოციალური მუშაკი ახლადშექმნილ სსიპ ,,სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო-ში“ უკონკურსოდ გადაეყვანათ, 33 სოციალური მუშაკი, შესაბამისი დასაბუთებისა და არგუმენტაციის გარეშე, სამსახურიდან გაათავისუფლეს. EMC გათავისუფლებული სოციალური მუშაკის 8 საქმეს აწარმოებს“, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

EMC აცხადებს, რომ კადრების დეფიციტის ფონზე დამატებით 33 კვალიფიციური სოციალური მუშაკის თანამდებობიდან გათავისუფლება აუხსნელი და მთლიანი სისტემისთვის და განსაკუთრებით ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი გადაწყვეტილება იყო. ორგანიზაცი განსაკუთრებული მადლობას უხდის სოციალურ მუშაკთა პროფესიულ კავშირს ამ პროცესში შეტანილი წვლილისთვის.