სასამართლომ ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-დან სოცმუშაკის გათავისუფლება უკანონოდ ცნო - EMC

პუბლიკა

28 ოქტომბერს რუსთავის საქალაქო სასამართლომ EMC-ის სარჩელის საფუძველზე  სოციალური მომსახურების სააგენტოდან სოციალური მუშაკის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და ახალ სააგენტოს სოციალური მუშაკისათვის 15 000 ლარის გადახდა დააკისრა. EMC გათავისუფლებული 8 სოციალური მუშაკის საქმეს აწარმოებს.

ორგანიზაციის ინფრომაციით. რუსთავის სასამართლომ ამ საქმის შემთხვევაში სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რამდენადაც რუსთავში დასაქმებული სოციალური მუშაკის მიმართ დაადგინა უკანონო გათავისუფლება, თუმცა სოციალურ მუშაკს თანამდებობაზე აღდგენაზე უარი ეთქვა, მისი პოზიციის ახალი სოციალური მუშაკით შევსების გამო. EMC არ ეთანხმება სასამართლოს მხრიდან სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას და დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდგომ განიხილავს სათანადო წესით გასაჩივრებას.

„EMC-ის მიერ წარმოებულ მიმდინარე საქმეებში, რომელიც 3 სოციალური მუშაკის რეორგანიზაციის საფუძველზე უკანონო გათავისუფლებას შეეხება, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ, განსხვავებით რუსთავის საქალაქო სასამართლოსგან, დააკმაყოფილა EMC-ს შუამდგომლობა და დამსაქმებელს დავის გადაწყვეტამდე აუკრძალა შესაბამის ვაკანტურ პოზიციებზე ახალი თანამშრომლების განუსაზღვრელი ვადით დანიშვნა. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში საქმის განხილვა დიდ დროს მოითხოვს, არსებობდა რეალური საფრთხე, სააგენტოს ახალი კადრებით შეევსო ვაკანტური პოზიციები. ამ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, სოციალურ მუშაკებს აძლევთ გარანტიას, შრომითი დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, იმავე პოზიციაზე აღადგნენ სამსახურში“, – აცხადებს EMC.

EMC აღნიშნავს, რომ 33 კვალიფიციური სოციალური მუშაკის თანამდებობიდან გათავისუფლება მთლიანი სისტემისთვის და  განსაკუთრებით ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი გადაწყვეტილება იყო.


29 იანვარს „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ ინფორმაციით, 33 სოციალურ მუშაკს გათავისუფლების შესახებ მოულოდნელი შეტყობინება მიუვიდა. სოციალური მომსახურების სააგენტოდან გაგზავნილ შეტყობინებაში ეწერა, რომ ისინი გათავისუფლდნენ და 1 თებერვლიდან  შრომითი ხელშეკრულება შეუწყდებოდათ. სოცმუშაკების გათავისუფლების  მიზეზად უწყება რეორგანიზაციას ასახელებს. გათავისუფლებისთვის კი ეს მიზეზი ბუნდოვანია და სააგენტოსგან დასაბუთებულ პასუხს ითხოვენ –  კონკრეტულად რატომ, რის საფუძველზე  დაატოვებინეს სამსახური.