სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა იპოდრომზე მშენებლობის შეჩერებაზე - „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „სოციალური სამართლიანობის ცენტრისა“ და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა დროებითი განჩინების გზით იპოდრომის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერების შესახებ. ინფორმაციას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ავრცელებს.

„სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო 2021 წლის ზაფხულში, მერიის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის შეკითხვებზე პასუხად გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს „ქართუ“ და რომ უწყება პროექტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.

ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან თავისი უფლებამოსილების კერძო განმახორციელებლისთვის გადაცემა და საკუთარი პასუხისმგებლობის უარყოფა, კერძო პირის ინტერესების სასარგებლოდ, საჯარო მმართველობის ფუძემდებლური პრინციპების უხეში დარღვევაა. ეს უნდა გამხდარიყო სოციალური სამართლიანობის ცენტრის შუამდგომლობის დაკმაყოფილების და სამუშაოების შეჩერების საფუძველი“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის მერია სამუშაოებს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს და რომ სამუშაოების გაჩერების საფუძველი არ არსებობს. ორგანიზაციის განცხადებით, მერიის უწყებების წინააღმდეგობრივი პოზიციები მნიშვნელოვან სამართლებრივ ხარვეზებზე მიუთითებს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, საზოგადოება იპოდრომის პროექტის შესახებ ინფორმაციას მერიის მიერ წარმოდგენილი ფოტო რენდერების მეშვეობით იღებს, საიდანაც მკაფიოდ იკვეთება, დაუტვირთავი გარემოს დეკორატიული ნაგებობებით მაქსიმალური ათვისების გეგმა, რაც საფრთხეს უქმნის ქალაქისთვის მნიშვნელოვან სარეკრეაციო და კულტურულ სივრცეს.

ორგანიზაციის განცხადებით, საჯარო და მწვანე სივრცეები არა დახურულ კარს მიღმა, არამედ ღიად, მოსახლეობის ჩართულობით და მათი ინტერესების გათვალისწინებით უნდა იმართებოდეს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მიმდინარე სამუშაოების შეწყვეტისთვის სამართლებრივ დავას აგრძელებს.

 

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile