სასამართლომ ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2 500 000 ლარის გირაო შეუფარდა

პუბლიკა

დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2 500 000 ლარის ოდენობით შეუფარდა.

პროკურატურა გირაოს სახით სამი მილიონი ლარის შეფარდებას ითხოვდა.

სახელმწიფო ბრალდება თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინის მითვისებას ედავება.

გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავეს არ ცნობს.

„არ ვარ დამნაშავე. დანაშაული არც არასდროს ჩამიდენია. შესაბამისად, გაურკვეველია, რატომ ვარ ამ პროცესში. ერთი პიროვნება მედავება, რომ რაღაც ყოფილა. რაც შეეხება კრიპტოვალუტას, ეს არის ნორმალური ბიზნესი, რითაც დაკავებული ვარ ბოლო 10 წელზე მეტია. არ მესმის, როგორ შეიძლება, ეს იყოს აღქმული დანაშაულად. საზღვრის კვეთის აკრძალვა ჩემს ბიზნესს ძალიან დააზარალებს“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა – ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.

ბრალდება  სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.