თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ არ დააკმაყოფილა მოსარჩელთა შუამდგომლობა დავის გადაწყვეტამდე „ბათუმი რივიერის“ მშენებლობის ნებართვის მოქმედებების შეჩერებაზე.
საიამ 22 იანვარს სასამართლოში სარჩელი შეიტანა „ბათუმი რივიერას“ საქმეზე და მოითხოვა მშენებლობის ნებართვის გაუქმება. ამასთან, მათ ასევე მოითხოვეს სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მშენებლობის ნებართვის მოქმედების შეჩერება. საია წერს, რომ სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო, თუმცა არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა – დავის საბოლოო გადაწყვეტამდე მშენებლობის ნებართვის მოქმედების შეჩერების თაობაზე. საია წერს, რომ აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
„თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ საქმის მასალების გაცნობის შემდგომ უმეტესად გაიზიარა საია-ს მოსაზრებები, მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმებულიყო და საკითხი დაუბრუნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ხელახლა განსახილველად. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებულ განჩინებაში არ იყო შეჩერებაზე უარის თქმისთვის აუცილებელი კონკრეტული და დამაჯერებელი მოტივები მითითებული, ამასთან, შეფასების გარეშე იყო დატოვებული მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ნორმის აბსტრაქტული ანალიზი იყო შემოთავაზებული…
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განმარტების საწინააღმდეგოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად არ შეცვალა მსჯელობა და უცვლელად დატოვა გაუქმებული განჩინების შინაარსი. სასამართლომ აღნიშნა, რომ თვალსაჩინო არ არის უკანონო ბრძანების მოქმედების შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა, არ მიაჩნია, რომ სადავოდ გამხდარი მშენებლობის განხორციელება არსებით ზიანს აყენებს მხარეს და შეუძლებელს ხდის კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვას. სასამართლოს მსჯელობა მთლიანად მორგებულია მშენებლობის განმახორციელებელი პირის ინტერესებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მეორედ მიღებულ უკანონო განჩინებას საია სააპელაციო სასამართლოში კვლავ გაასაჩივრებს, თუმცა პირველი ინსტანციის მსგავსი ქმედებები აჭიანურებს სამართალწარმოებას, ზიანს აყენებს ქალაქ ბათუმის ინტერესებს და ხელს უწყობს უკანონოდ გაცემული ნებართვის საფუძველზე მშენებლობის განხორციელებას”, – წერს საია.