სასამართლომ ფულის გაფლანგვის საქმეზე სკოლის ყოფილი ბუღალტერი და დირექტორი დამნაშავედ ცნო

პუბლიკა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ფულის მითვისებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი და ყოფილი დირექტორი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილ ბუღალტერს ბრალად ედებოდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საიდანაც 6 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობითად 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

რაც შეეხება იმავე სკოლის ყოფილ დირექტორს, პროკურატურის ინფორმაციით, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. დირექტორს სასჯელის სახით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობითად 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა 2019-2021 წლებში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა დიდი ოდენობით – 142 629.7 ლარი, რომელიც აზარტულ თამაშებსა და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა.

ამავე საჯარო სკოლის დირექტორმა სათანადო კონტროლი არ გაუწია სკოლის კუთვნილი თანხის მიზნობრივ ხარჯვას, რითაც ისარგებლა სკოლის ბუღალტერმა და საჯარო სკოლის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა მიითვისა“, – აცხადებს პროკურატურა.