სასამართლომ გიორგი მამალაძეს სასჯელი არ გადაუვადა

პუბლიკა

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სასჯელის გადავადებაზე უარი უთხრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლილი მსხილაძემ მიიღო.

სასამართლო პროცესი მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა #18 სამკურნალო დაწესებულებაში მიმდინარეობდა. დღევანდელ სხდომაზე მხარეები დასკვნითი სიტყვით გამოვიდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილება ჟურნალისტებთან პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, ნიკა აბრამიშვილმა განმარტა.

„სასამართლოს განმარტებით, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, არ ირკვევა, რომ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით და აღნიშნული ხელს უშლის სასჯელის მოხდას. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მე კომენტარს არ გავაკეთებ. ჩვენი პოზიციაც სწორედ ის იყო, რა გადაწყვეტილებაც სასამართლომ მიიღო. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს”, – განაცხადა აბრამიშვილმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელის გადავადება „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” მოითხოვა.

ორგანიზაციის ცნობით, დეკანოზი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2019 წლის დეკემბერში დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ წამებისა და სასტიკი მოპყრობის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების სახელმძღვანელო პრინციპებზე დაყრდნობით მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, მათ შორის, პარალიზებულ კიდურებზე ციანოზური ელფერი და ატროფიის ნიშნები აღინიშნება და საჭირო მკურნალობის მიუღებლობის შემთხვევაში, ინვალიდიზაციის სერიოზული რისკი არსებობს.