სასამართლომ ირანელი აქტივისტი, მოჰამად მაჰდი რაჰიმიანი საიმიგრაციო პატიმრობაში დატოვა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა და ირანელი აქტივისტი, მოჰამად მაჰდი რაჰიმიანი მიგრაციის დროებითი მოთავსების ცენტრში საიმიგრაციო პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე აღნიაშვილმა მიიღო.

ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ აცხადებს, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტები, რომ რაჰიმიანის ოჯახი საქართველოში ცხოვრობს და მათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აქვს, მისი შვილები კი სწავლას ქართულ სკოლაში აგრძელებენ.

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

ადვოკატის განცხადებით, მიგრაციის დეპარტამენტმა 3-თვიან ვადაში უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ირანელი აქტივისტის გაძევების ან თავშესაფრის/სტატუსის მინიჭების შესახებ.

„სამწუხაროდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ უაპელაციოდ გაიზიარა მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა, რომელიც აბსოლუტურად დაუსაბუთებელია და ეფუძნებოდა ჰიპოთეტურ ვარაუდებს იმასთან დაკავშირებით, რომ პირი არ თანამშრომლობდა მიგრაციის სამსახურთან, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა ობიექტურად არსებული მტკიცებულება საპირისპიროზე მიუთითებდა.

რა თქმა უნდა, „უფლებები საქართველო“ გააგრძელებს მოჰამადის უფლებების დაცვას და გაასაჩივრებს ამ ბრძანებას სააპელაციო სასამართლოში და ყველანაირად შევეცდებით, რომ არ მოხდეს მისი გაძევება ირანში“, – ამბობს „პუბლიკასთან“ საუბარში ადვოკატი დავით ღოლიჯაშვილი.

„უფლებები საქართველო“ შეახსენებს სახელმწიფო ორგანოებს, რომ რაჰიმიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მოქალაქეობის ქვეყანაში მყისიერი და რეალური საფრთხე ემუქრება და მოუწოდებს, იმოქმედონ არგაძევების პრინციპის შესაბამისად.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოჰამად მაჰდი რაჰიმიანი 12 ოქტომბერს დააკავეს და დროებითი განთავსების ცენტრში გადაიყვანეს.

შსს-ს ირანელი აქტივისტი საქართველოში 2022 წლის 22 აპრილს შემოვიდა, იმავე წლის 26 დეკემბერს კი საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით მიგრაციის დეპარტამენტს მიმართა.

სამინისტროს თქმით, 2024 წლის 16 ივნისს რაჰიმიანს საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარი ეთქვა, რადგან, უწყების შეფასებით, ამისთვის კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობდა. გადაწყვეტილება მან სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს.

შესაბამისად, შსს აღნიშნავს, რომ 2026 წლის 26 ივნისიდან ირანის ისლამური რესპუბლიკის აღნიშნულ მოქალაქეს შეუწყდა თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი და მას საქართველოში ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველო ქვეყანაში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე. აღნიშნულმა პირმა კანონით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა და საქართველოს ტერიტორია არ დატოვა.

შესაბამისად, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იგი დაკავებულ იქნა და მოთავსდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მის მიმართ მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები.

ამასთან, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, ნებაყოფლობით დატოვოს საქართველო როგორც წარმოშობის ქვეყნის, ისე მესამე ქვეყნის მიმართულებით“, – აცხადებს შსს.