თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი და კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნის განკარგულება ბათილად ცნო და პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაავალა, წიქარიშვილის ნაცვლად საბჭოში მანუჩარ კაკოჩაშვილი დანიშნოს.
„მოკლედ პრეზიდენტის წარმომადგენელმა ცნო სარჩელი და მოსარჩელის ორივე მოთხოვნა დაკმაყოფილდა: დაევალა პრეზიდენტს რომ გააუქმოს ჩემი დანიშვნის განკარგულება და დანიშნოს კაკოჩაშვილი“, – დაწერა კახა წიქარიშვილმა.
კახა წიქარიშვილი 2024 წლის 15 ივლისს სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშნა.
წიქარიშვილს რეკომენდაცია შესარჩევმა კომისიამ გაუწია – 5 კანდიდატიდან პრეზიდენტს გიორგი ბურჯანაძის და კახა წიქარიშვილის კანდიდატურები წარედგინა, სალომე ზურაბიშვილმა კი საბჭოში კახა წიქარიშვილი დანიშნა.
22 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქალაქო სასამართლომ იუსტიციის საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა. ეს იყო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უზრუნველყოფის ღონისძიება.
სასამართლოს მანუჩარ კაკოჩაშვილმა მიმართა. კაკოჩაშვილი თავადაც იყო საბჭოს წევრობის კანდიდატი.
ის სარჩელში მოითხოვდა წიქარიშვილის დანიშვნის ბათილად ცნობას და მის ნაცვლად საბჭოში თავისი კანდიდატურის დანიშვნას.
მანუჩარ კაკოჩაშვილი მიიჩნევდა, რომ შესარჩევი კომისია, რომელმაც კანდიდატებს რეკომენდაცია გაუწია, დაკომპლექტებული იყო ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში მყოფი წევრებისგან და წიქარიშვილს და ბურჯანაძეს რეკომენდაცია მიკერძოებულად გაუწიეს. მისივე პოზიციით, კომისიამ წიქარიშვილს კვალიფიკაციის შესამოწმებლად შეკითხვები არ დაუსვა.
დღეს, 12 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას კახა წიქარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა:
„ვისაც ორი ღერი სამართალი გესმით მიხვდებით როგორი ჩაწყობილი საქმე იყო:
1. საბჭოში ჩემ შესვლამდე წინა დღეს შეიტანეს სარჩელი და გააჩერეს პრეზიდენტის განკარგულება რომ მეორე დღეს საბჭოში არ შევსულიყავი.
2. მოსამართლე 5 თვე არ იხილავდა საქმეს სანამ პრეზიდენტი არ შეიცვალა.
3. 2024 წლის 9 ივლისს კონკურსის მიდინარეობისას პრეზიდენტის ადმინისტრაცია დამიკავშირდა და თავად გამასწორებინა წარდგენის დოკუმენტში არსებული ხარვეზი.
ახლა ამბობს რომ დოკუმენტები არ ყოფილა წესრიგში ამიტომ ცნობს სარჩელს.
მოსამართლეს ვთხოვეთ სხდომის გადადება ზემოთ ნათქვამის დასამტკიცებლად მაგრამ სხდომა არ გადადო.
4. მოსამართლე სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროში გადავიდა და პრეზიდენტს დაავალა კონსტიტუციურ ორგანოში ვინ უნდა მოხსნას და ვინ უნდა დანიშნოს“, – დაწერა წიქარიშვილმა.
რაც შეეხება მის მიერ ნახსენებ ხარვეზს დოკუმენტებში, როგორც წიქარიშვილი განმარტავს, ჯიპას აკადემიური საბჭოს ოქმში დაშვებულ იქნა შეცდომა, კანდიდატის პრეზიდენტთან წარდგენის ნაცვლად მითითებული იქნა რომ კანდიდატურა წარედგინოს პარლამენტს. მოგვიანებით, ეს შეცდომა 9 ივლისს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციით გამოსწორდა.
წიქარიშვილისვე ცნობით, ყაველაშვილის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო და დაეთანხმა როგორც მისი დანიშვნის გაუქმებას, ასევე კაკოჩაშვილის დანიშვნასაც.