სასამართლომ მიხაილოს ციხეში წასვლის მოთხოვნა პრობაციის ბიუროს არ დაუკმაყოფილა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პრობაციის ბიუროს მოთხოვნა, მიხეილ თოდუას (მიხაილო) შინაპატიმრობის მოსახდელად დარჩენილი ვადა აღსრულებულიყო თავისუფლების აღკვეთის სახით.

სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, მიხეილ თოდუას შეეცვალა შინაპატიმრობის პირობა, კერძოდ, თუ ამ დრომდე  მას საღამოს 9 საათიდან დილის 8 საათამდე არ ჰქონდა სახლიდან გასვლის უფლება, ახალი გადაწყვეტილებით, მიხაილოს სახლიდან გასვლის უფლება აღარ ექნება საღამოს 7 საათიდან დილის 8 საათამდე.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მიხაილომ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მისი თქმით, პრობაციის ბიურომ ვერ წარადგინა სათანადო არგუმენტები და მისთვის გაურკვეველია, რატომ დაუმატეს 2 საათი.

მისი უფლებადამცველი გიორგი მახარაძე განმარტავს, რომ სასამართლოზე პრობაციის ბიურომ ორი ალეტრნატივა წარადგინა – შინაპატიმრობის დარჩენილი ვადის მოხდა პატიმრობით, ან სახლიდან გასვლის შეზღუდვა საღამოს 7 საათიდან.

მახარაძის განცხადებით, პრობლემაა, რომ როდესაც მიხაილომ აიღო ნებართვა, მან პოსტფაქტუმ შეიტყო, რომ მისი ქმედება იყო არასაპატიო. ადვოკატის შეფასებით, ნებისმიერ დროს შეიძლება განმეორდეს იგივე – პრობაციის ბიურომ დართოს მუშაობის ნება, შემდეგ კი შეატყობინოს, რომ ქმედება არის არასაპატიო.

„გასაჩივრებას ვაპირებთ და იმედი გვაქვს, სააპელაციო ლოგიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა გიორგი მახარაძემ.


პრობაციის ბიურომ წარდგინებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა, რომ გაუქმდეს მიხაილოს მიმართ გამოყენებული შინაპატიმრობა და მოსახდელად დარჩენილი ვადა აღსრულდეს თავისუფლების აღკვეთის სახით. მას ბიურო 13-14 ოქტომბრისა და 17-18 ოქტომბრის შემთხვევებზე ედავება და ამბობს, რომ ამ ორ შემთხვევაში შინაპატიმრობის რეჟიმის დარღვევას არ უთვლის საპატიოდ.

EMC-ის იურისტი გამარტავს, წინა შემთხვევების მსგავსად, ამ ორ შემთხვევაშიც ბიურო წინასწარ იყო ინფორმირებული და თოდუას შესაბამისი დოკუმენტიაც წარდგენილი ჰქონდა, თუმცაღა ბიურომ საპატიოდ აღარ ჩათვალა ეს და წარდგინებაში არც შესაბამისი დასაბუთება მოჰყვას.

მიხაილო პრობაციის ბიუროს რადიკალურ გადაწყვეტილებას უკავშირებს, იმას, რომ ბოლო შემთხვევა დაკავშირებული იყო პარტია „გირჩთან”.


მიხაილო 2013 წლის სექტემბერში დააკავეს 12 გრ. MDMA-ის ფლობისთვის და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მან ციხე 6 წლის შემდეგ, 2019 წლის ოქტომბერში დატოვა და სასჯელის ვადის ამოწურვამდე გარკვეული შეზღუდვები დაუწესდა – უკეთია ელექტრონული სამაჯური და შინიდან გასვლა 21:00 საათის მერე აკრძალული ჰქონდა, ხოლო გამონაკლისი შემთხვევებისთვის პრობაციის ბიუროსგან სპეციალური ნებართვა სჭირდება.